რეზონანსი
26.03.2023

გუშინ მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიაში გადაეცა დემოკრატიის განვითარებისთვის პრიზი, ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო, რომელიც ასევე მიღებული აქვს მაია სანდუს, გუშინ კიდევ ერთხელ საზოგადოებამ ნახა, როგორ ზიანდება საქართველოს რეპუტაცია იმ პირობებში, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფება ტყვეობაში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ხაბეიშვილმა აღნიშნა, „ჯილდოს გადაცემის დროს ღიად საუბრობდნენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე.

„საუბრობდნენ, რომ ოპოზიცია და ხალხი ებრძვის კრემლიდან მართულ ხელისუფლებას. გუშინდელი დღე და ჯილდო კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი პუტინის, სალავიოვის, ლავროვისა და ბიძინა ივანიშვილის საამებლად არის გამოკეტილი ციხეში. საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, როცა საფრანგეთის პრეზიდენტი მოუწოდებს ხელისუფლებას პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ, როცა პოლონეთის ხელისუფლება სთხოვს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ მას უმკურნალოს, მოუაროს და უზრუნველყოფს მისი სიცოცხლე, როცა ევროკავშირის 27 ქვეყნის მთავრობა ღიად წუხს და დემარშს უცხადებს პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ხელისუფლებას და მოუწოდებს, მისი სიცოცხლე იყოს უზრუნველყოფილი, ამ პირობებში საქართველოს რეპუტაცია ყოველდღიურად ზიანდება.

იმ პირობებში, როდესაც გვინდა კანდიდატის სტატუსის მიღება და პარალელურად ცივილიზებული სამყარო ხედავს, რომ მკვეთრად რუსული, კრემლიდან მართული, ხელისუფლებაა საქართველოში და ხედავენ პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობას, უნდა გავიაზროთ კარგად, რომ ეს არ არის ვიწროპარტიული საქმე, ერთი ადამიანის, ერთი კაცის საკითხი, ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საკითხი. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ვსაუბრობთ 12 პუნქტის შესრულებაზე, პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება ისევე, როგორც ნიკა გვარამიას თავისუფლება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც, თუ უახლოეს პერიოდში არ იღებს ხელისუფლება გადაწყვეტილებას, რომ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის რეპუტაცია არ დააზიანოს, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და ამისთვის მკვეთრი ნაბიჯები გადადგას, მაშინ ჩვენ ქართველ ხალხს ყველას ერთად მოგვიწევს ბრძოლა და დაცვა ჩვენი ეროვნული მომავლის. ეს პოლიტიკურ პარტიას, რუსულ ოცნებას და მეორე საზოგადოებას, ჩემო მეგობრებო, ძვირფასებო მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, ჩვენ აუცილებლად ერთად მოგვიწევს ბრძოლა ჩვენი ევროპული მომავლისთვის, ამიტომ 9 აპრილს 17:00 საათზე ყველას გელოდებით რუსთაველზე", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×