რეზონანსი
17.03.2023

„მარტში მოკლევადიანი მოლოდინები დიზელზე ფასის კლებისკენაა" - დიზელისა და ბენზინის ტიპის პროდუქტებზე ფასების ცვლის ტენდენციებზე კომპანია „ვისოლის" გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა საუბრობს.

მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ფასის კლება ძირითადად დიზელის ტიპის პროდუქტებზეა ნავარაუდები, თუმცა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ვარდნა 2-3 კვირის შემდეგ ბენზინის ღირებულებაზეც აისახება.

„თუ ავიღებთ მიმდინარე კვირისა და ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარე ცვლილებებს, რომლებიც, საბედნიეროდ, ნავთობზე ფასის კლებისკენაა მიმართული, ეს ბუნებრივია პლაცზე ფასის კორექტირებასაც გამოიწვევს, პლაცი კი ზუსტად ის ინდიკატორია, რითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ. ეს ცვლილება დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ ჰპოვებს ასახვას ბენზინის ტიპის პროდუქტების ფასზე", - ამბობს ვასილ ხორავა გადაცემა „საქმიან დილაში".

„ვისოლის" გენერალური დირექტორის განმარტებით, როგორც წესი, ბენზინგასამართი სადგურები ნავთობპროდუქტების ერთთვიან მარგს ავსებენ, რის გამოც მსოფლიო ბაზარზე მომხდარი ცვლილებების საქართველოში ასახვას ამდენივე დრო სჭირდება.

„საქართველო არის ქვეყანა, სადაც ნავთობპროდუქტების იმპორტი 100%-ით ხდება. ჩვენ, როგორც წესი, ვაკეთებთ ერთ თვემდე მარაგებს. მეტი მარაგის შენარჩუნება შეიძლება როგორც სასარგებლო, ისე საზიანოც იყოს იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით ხვალ რა მოხდება, რა ფასი დაფიქსირდება საერთაშორისო ბაზარზე. შესაძლოა, ფასმა დაიკლოს და ახალი პროდუქტის შეძენის საშუალება იყოს, მაგრამ შენ მარაგების გამო ფასის შემცირება ვერ მოახდინო.

„ვისოლის" დაგეგმარებაა, რომ 2-3 კვირიანი ციკლით მოვახდინოთ რეაგირება საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე ცვლილებებზე. ხშირად მსმენია, რომ ჩვენ ჩამოვრჩებით ამ 2-3 კვირიან ფასის ცვლილებებს და ფასების ზრდა უფრო მალევე აისახება, მე კი ვაჩვენებ, რომ არის პერიოდები, როცა ფასის გაზრდაზე უფრო მეტი დრო მიდის, რადგან ბაზარი არის კონკურენტუნარიანი და არავინ მოგცემს საშუალებას, იმაზე მეტი მოგება გქონდეს, ვიდრე კონკურენციის პირობებშია შესაძლებელი", - აღნიშნა ვასილ ხორავამ გადაცემაში,

შეგახსენებთ, რომ გასული წლის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით ნავთობპროდუქტების ღირებულება დღემდე 1.30-დან 1.50-მდეა შემცირებული, თებერვლის თვეში კი სხვადასხვა ტიპის საწვავზე ფასმა დაახლოებით 30-40 თეთრით დაიკლო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×