რეზონანსი
16.03.2023

ვენეციის კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ კარგია, ოლიგარქის, როგორც მოვლენის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყება, თუმცა დეოლიგარქიზაციის კანონის „ქართული ოცნების" ვერსია ამას ვერ უზრუნველყოფს - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ „პალიტრანიუსის" გადაცემა „ნიუსრუმში" განაცხადა.

„ვენეციის კომისია აღიარებს იმას, რომ საერთოდ ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა ახალი მოვლენაა სამყაროში და მნიშვნელოვანია, „ქართული ოცნება" კი აღიარებს ამას, რომ ეს მოვლენა ახალია და ამიტომ ერთადერთი კანონი, რაც იყო, ეს იყო უკრაინული და ამიტომ პირდაპირ ვთარგმნით და წარვადგენთო. „ქართული ოცნება" ზედაპირულად და პიარულად უყურებდა ამ საკითხს, ვითომ ვალდებულებებს ასრულებდა, მაგრამ არ მიიღო ეს არავინ ვალდებულებების შესრულებად, რადგან ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ოლიგარქია პრობლემაა, მაგრამ ადგილობრივი უნდა იყოს გათვალისწინებული. შესაბამისად, ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ კარგია, რომ ოლიგარქის, როგორც მოვლენის წინააღმდეგ ბრძოლა გადაწყვიტეთ სახელმწიფომ, მაგრამ ეს კანონი ამას ვერ უზრუნველყოფს. „ქართული ოცნება" აპელირებს იმაზე, რომ კარგია, რომ ამას ვაკეთებთო და ოპოზიცია ცალსახად საუბრობს, რომ ეს არის ნეგატიური დასკვნა. ამ კანონთან მიმართებაში ეს დასკვნა ცალსახად არ არის პოზიტიური", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

გარდა ამისა, კორძაიამ აღნიშნა, რომ ახლა საჭიროა ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულება და ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ამ პუნქტების შესასრულებლად კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს, მოქალაქეების წინაშე აგებს პასუხს.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ვართ ხელისუფლებაში, მაგრამ ხვალ არ უნდა ვიყოთ, რადგან არის დრო, როდესაც ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და საერთოდ დემოკრატიულ სამყაროში ეს არის 8-წლიანი ციკლი. მათ გადააცილეს 8-წლიან ციკლს, რაც მმართველობაში არიან და შესაბამისად, მათ უნდა ესმოდეთ, რომ ძალაუფლებას ნებისმიერ შემთხვევაში თვითონ თუ არ დათმობენ, მოქალაქეები დაათმობინებენ. ძალიან კარგად დაინახეს ის, რომ ჩვენს მოქალაქეებს აქვთ საკუთარი არჩევანი, წარმოუდგენელი რამ გააკეთეს, ყველას გვაჩვენეს, რომ მათ აქვთ საკუთარი ინტერესი და არავინ არ აინტერესებთ. ყველამ იცოდა რისთვის იდგა იქ და ამიტომ, მათ გვაჩვენეს თავიანთი ძალა. ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც 12 პუნქტის შესასრულებლად არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, ამ მოქალაქეების წინაშე აგებს პასუხს.

ჩვენ გამოვხატავთ ჩართულობის მზაობას, მთავარია მათი სურვილი. მუდმივად იმაზე აპელირება, რომ ოპოზიცია არ თანამშრომლობს - ეს მათი მხრიდან არის მანიპულაცია. „ქართულ ოცნებას" ახლა უკვე აღარ აქვს არგუმენტი, რადგან ყველა საკითხთან დაკავშირებით მოსაზრება ოპოზიციას წარმოდგენილი აქვს, ეს მოსაზრებები პარლამენტში დევს და ახლა უნდა შექმნან სივრცე ყოველგვარი აგრესიის და ლანძღვის გარეშე, შევიკავოთ საკუთარი ემოციები და დავსხდეთ - ეს არის ჩვენი ვალდებულება", - განაცხადა კორძაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×