რეზონანსი
11.03.2023

ამ კანონპროექტმა მინიმუმ 60-70%-ით თავისი საქმე გააკეთა და არასამთავრობო სექტორის ლუსტრაცია მოახდინა - ხომ ამბობდნენ, გამჭვირვალე ვართ და გვიდევს ინფორმაციაო, ახლა კანონპროექტი აღარაა და გამოაქვეყნონ, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ საიდან ფინანსდება,- ამის შესახებ „ხალხის ძალის" დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ახალგაზრდების რადიკალურ პროცესებში ჩართვის რისკი არსებობდა.

„დავინახეთ, რომ რევოლუციური სცენარები იყო პირდაპირ ეთერში, რაც შემდეგ მერაბიშვილისგან და ხაბეიშვილისგანაც დადასტურდა. მაღალი რისკი იყო, რომ ახალგაზრდები, ვინც ამ რადიკალურ პროცესებში მონაწილეობას არ იღებდნენ, ჩაერთოთ ამ პროცესში. აქედან გამომდინარე მივიღეთ კანონპროექტის გამოწვევის გადაწყვეტილება. ამასთან, კანონპროექტმა თავისი მიზნის დიდი წილი უკვე შეასრულა. საზოგადოებამ დაინახა, ვის „ეტკინა" ეს კანონპროექტი - „ეტკინათ" მათ, ვინც რადიკალურ პროცესებს აფინანსებდა", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება იმას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობას აჩერებენ, მაჭარაშვილი ამბობს, რომ ორგანიზაციასთან, რომლებიც რევოლუციურ სცენარებს არ ემიჯნება, თანამშრომლობას აზრი არ აქვს.

„ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელიც შტურმს, რევოლუციურ სცენარებს და ძალადობას არ გაემიჯნება, თანამშრომლობას აზრი არ აქვს. საქართველოში საზოგადოებამ შტურმი დაინახა და თუ ამას არასამთავრობო სექტორი არ ემიჯნება, ეს მათი პრობლემაა და აქ არავითარი ევროპული სტანდარტი არ არსებობს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს პარტნიორების მხრიდან არ უნდა მოხდეს ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც პოლარიზაციას უწყობენ ხელს.

„როდესაც ჩვენი პარტნიორები ამბობენ, რომ დეპოლარიზაცია უნდა მოხდეს, ჩვენი პარტნიორების და მათი ორგანიზაციების მხრიდან არ უნდა მოხდეს ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც ხელს უწყობენ პოლარიზაციას. როდესაც, ერთი მხრივ, ამბობ, რომ დეპოლარიზაცია უნდა მოხდეს და მეორე მხრივ აფინანსებ ისეთ არასამთავრობო სექტორს, რომელიც დეპოლარიზაციას უწყობს ხელს, ეს ორმაგი სტანდარტია",- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×