რეზონანსი
08.03.2023

დამარცხება დაუშვებელია! საზოგადოების ჯგუფები არ აპირებენ დანაშაულის ჩადენას ისტორიის წინაშე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარლამენტთან განაცხადა.

როგორც მელიამ "ინტერპრესნიუსთან", ხალხის პროტესტზე საუბრისას, აღნიშნა, ეს არის უნიკალური პროცესი თავისი შინაარსით, რომელსაც ანალოგი უკანასკნელი წლების განმავლობაში არ მოეძებნება.

"პირველ რიგში, განსხვავება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის კონსოლიდაციის ხარისხია. უამრავი ადამიანი, რომელიც აქ არის, ერთიანდება საერთო დარდით, რომელიც უკავშირდება ამ სახელმწიფოს მომავალს. არ შეიძლება შედეგი არ ჰქონდეს ამ პროცესს. სხვანაირად ნიშნავს, რომ ჩვენ ვკარგავთ მრავალი ათწლეულით სახელმწიფო სუვერენიტეტს, თავისუფლებას და ყველა ძირითად ფასეულობას, რომელსაც თვალის ჩინივით ვუფრთხილდებოდით. გამარჯვება ნიშნავს ამ ყველაფრისთვის ხორცის შესხმას, ევროპულ ოჯახში ადგილის დამკვიდრებას და სახელმწიფოში დემოკრატიული წესწყობილების დამკვიდრებას. ამიტომ, დამარცხება დაუშვებელია. ისტორიის წინაშე დანაშაულია და არავინ ამ დანაშაულის ჩადენას არ აპირებს. საზოგადოების ჯგუფები არ აპირებენ დანაშაულის ჩადენას ისტორიის წინაშე. ნებისმიერი ჩვენგანი არის იმაზე აქტიური, ვიდრე ადრე. განსხვავებები განზე გადავდეთ და ვკონცენტრირდით შედეგზე", - განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, ამ საზოგადოების პროტესტის აქციის დარქმევა ნიშნავს პროცესის დაკნინებას, რადგან მიმდინარე პროტესტი არის ეროვნული პროცესი.

"ეს არ არის აქცია. ეს არის ეროვნული პროცესი, სადაც დიდი და პატარა, სხვადასხვა პროფესიის ადამიანი , დგას ერთად, მანამ სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი ისტორიული არჩევანი. ეს არის პროცესი, რომელიც გულისხმობს საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის საფუძვლების აღდგენას, რომელიც ივანიშვილმა ამ ბოლშევიკური კანონით მოარღვია.

ყველაფერი, რასაც ბიძინა ივანიშვილი ამიერიდან გააკეთებს იქნება უარესი, ვიდრე ეს არის ბოლშევიკური კანონპროექტი. ამიტომ, ცვლილებები უფრო დიდი უნდა იყოს",- განაცხადა მელიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×