რეზონანსი
08.03.2023

ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ, ბრძოლას საქართველოს ეროვნული, ევროპული არჩევანის დასაცავად - არ შეგეშინდეთ, ერთად გავიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ სახელოვნად! - ასე მიმართა პარტია „ლელოს" წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს პარლამენტთან შეკრებილ საზოგადოებას, რომელიც ე.წ. აგენტების შესახებ კანონს აპროტესტებს.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას" ევროპა უნდა მარტო საკუთარი შვილებისთვის და არა საქართველოს მოქალაქეების შვილებისთვის.

„ჩვენ გვინდა ევროპა! ევროპა არის უსაფრთხოება, მშვიდობა და თანასწორობა. ევროკავშირში ყოველ ქვეყანას, დიდს თუ პატარას, ღარიბს თუ მდიდარს (თუმცა ღარიბი სახელმწიფოები არ არიან) ყველას ერთი თანაბარი ხმა აქვს, ამიტომ გვინდა ევროპა, რომ ერთი მოქალაქის ხმაც, ერთი ადამიანის ღირსებაც, ერთი ადამიანის თავისუფლებაც ამ ქვეყანაში იმდენივე ღირდეს, რაც ყველასი. ჩვენ თანასწორობა და თავისუფლება გვინდა. ჩვენ დავბრუნდებით იქ, სადაც ჩვენი ისტორიული არჩევანი და ადგილია, ეს არის ევროპა. აი, ამ შენობაში მსხდომმა მხდალმა კაცებმა დაგვიპირისპირეს ძალადობა, ტყუილი და მუხთლობა. ჩვენ მათ დავუპირისპირებთ ერთიანობას, ღიმილს, არაძალადობას, პრინციპულობას, გონიერებას. ქალებმა ყველაზე კარგად ვიცით, რას ნიშნავს არ დაღლა, არ დავიღლებით! დიახ, ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც გადაარჩინეს იძულებით ამ ქვეყნიდან წასულმა ქალებმა, რომლებმაც იშრომეს, იბრძოლეს, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში შიმშილით მათი და სხვათა შვილები არ დახოცილიყვნენ. მადლობა მათ, მადლობა ჩვენ ემიგრანტ დედებს, დებს, ბებიებს, ცოლებს. ახლა ჩვენი ჯერია, რომ ეს დროშა ავიღოთ და გავაგრძელოთ მათი ღირსეული გზა, არ დავიღლებით! „ქართულ ოცნებას" ევროპა უნდა მარტო საკუთარი შვილებისთვის, ჩვენ კი გვინდა ყველას შვილებისთვის. ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, სადაც ყველას ადგილი მოიძებნება. ტყუილია, რასაც ხელისუფლება გეუბნებათ, ისინი ადამიანებს ერთმანეთთან ტყუილით და ძალადობით აპირისპირებს. არა, ეს ქვეყანა ყველასია! ამ ქვეყანაში ყველას ადგილი მოიძებნება და ამ ქვეყნის ადგილი არის ევროპაში! ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ, ბრძოლას საქართველოს ეროვნული, ევროპული არჩევანის დასაცავად, არ შეგეშინდეთ ერთად გავიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ სახელოვნად!", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×