რეზონანსი
07.03.2023

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლევან იოსელიანს სახალხო დამცველად არჩევას ულოცავს.

მისივე თქმით, უმრავლესობა ერთგვარად კომპრომისზე წავიდა, როდესაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს დაუჭირა მხარი.

"მინდა, მივულოცო ლევან იოსელიანს სახალხო დამცველად არჩევა. ყველა ვიცნობთ ლევანს ძალიან კარგად და ვიცით მისი პიროვნული თვისებები. მისი პიროვნული თვისებები იყო ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რატომაც მივიღეთ გადაწყვეტილება მხარდაჭერის თაობაზე. რა თქმა უნდა, ეს იყო ერთგვარი კომპრომისული გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან, გამომდინარე იქიდან, რომ ლევან იოსელიანი იყო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი.

ეს კომპრომისი სხვადასხვა თვალსაზრისით იყო საჭირო ჩვენი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, აუცილებლად საჭირო იყო სახალხო დამცველის არჩევა და ამ თანამდებობის ვაკანტურად დატოვება არ შეიძლებოდა. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის არჩევა კვალიფიციური უმრავლესობით იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც იყო ასახული ევროკავშირის შემოთავაზებულ დოკუმენტში.

სამწუხაროდ, ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა მხედველობაში არ მიიღო ამ კომპრომისის საჭიროება და დღევანდელ კენჭისყრაში არ მიიღეს მონაწილეობა. ეს მეტყველებს მათ სულისკვეთებასა და ფარისევლობაზე.ღრმად მწამს, რომ ლევან იოსელიანი იქნება დამოუკიდებელი სახალხო დამცველი,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა, ცოტა ხნის წინ სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანი აირჩია. მას ხმა 96-მა დეპუტატმა მისცა.

ამ დრომდე საქართველოს ომბუდსმენი არ ჰყავდა. ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა გასული წლის 8 დეკემბერს ამოეწურა. მას შემდეგ, ომბუდსმენის მოვალეობას მისი მოადგილე, თამარ გვარამაძე ასრულებს.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×