რეზონანსი
07.03.2023

"ამბობთ, რუსული, რუსული, რუსულიო - ეს არის ყველაზე დიდი პროპაგანდისტული ტყუილი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში ვრცელდება",- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს, ხათუნა სამნიძეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია ერთი მხრივ, იტყუება, როდესაც ამბობს, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი რუსულია, მეორე მხრივ კი, ისტერიას ქმნის.

„ამბობთ, რუსული, რუსული, რუსულიო - ეს არის ყველაზე დიდი პროპაგანდისტული ტყუილი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში ვრცელდება. თემის სტიგმატიზება, როგორც რუსული, არის პროპაგანდის ელემენტარული ინსტრუმენტი. გუშინდელ სხდომაზე გამოჩნდა, რომ აბსოლუტურად ტყუილია. ერთი კანონი ამერიკულის ლინგვისტური, სიტყვა-სიტყვითი თარგმანია. აბსოლუტურად შეუფერებელი ტყუილია, როდესაც საქართველოს შედარება ხდება რუსეთთან. თქვენ, როგორც პარლამენტის წევრები უნდა უშლიდეთ, თუკი ვინმე ამას ამბობს, საქართველოს რაიმე სახით რუსეთთან დაყენება, საქართველოს შეურაცხყოფაა. ხოლო მეორე პროპაგანდისტული ხაზი არის ისტერია - პარლამენტში კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს პირველი მოსმენით. ისე წარმოჩენა ხდება, თითქოს კანონს ვიღებთ. პირველი მოსმენა მიმდინარეობს და ასევე გაცხადებულია, რომ იქნება კონსულტაცია ვენეციის კომისიისგან და ეუთო/ოდირისგან. ისტერიის შექმნა, რომ თითქოს ახლა რაღაც ხდება, საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა. საქართველოს ოკუპანტ ქვეყანასთან რაიმე კონტექსტით შედარება შეუფერებელია", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, პაპუაშვილმა სამნიძის რამდენიმე კითხვას უპასუხა, მათ შორის კრიტიკას პარლამენტის შენობაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების და საკომიტეტო განხილვების დროს „ლაივ-სტრიმის" გათიშვის შესახებ.

მისი თქმით, აღნიშნული პირები წესრიგს იცავენ, „ლაივის" გათიშვა კი განზრახ არ ხდება.

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები არიან და ვის იცავენ? იცავენ ყველას, პარლამენტის სხვა წევრებს, აპარატის თანამშრომლებს და წესრიგს, თქვენ რომ მშვიდ საუბარს ეძახით, ყველამ ნახა, რაც იყო, მაგიდის აყირავება რომ მიდიოდა. თქვენ რომ ბიჭებზე საუბრობთ, იმ ბიჭს პირადად ეჯაჯგურებოდით, ვიდეოს დებდით და გიხაროდათ. იცით, კომიტეტის სხდომაზე რატომ არ გიშვებდათ? სხდომის „თავმჯდომარემ" სხდომა დაგატოვებინათ და იქ შესვლის უფლება არ გქონდათ. მთელმა საქართველომ ნახა აყირავებული მაგიდები. რაც შეეხება „ლაივ-სტრიმს", როდესაც სხდომაზე ტექნიკური შესვენება ცხადდება, „ლაივი" ავტომატურად ითიშება. „ლაივის" განზრახ გათიშვა არ ხდება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ხათუნა სამნიძის განცხადებას, მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ მმართველ გუნდს საზოგადოების პროტესტზე ადეკვატური რეაქცია ჰქონდეს, პარლამენტში ქმედებებით რუსულ გზას გადიან.

„რამდენიმე დღეა პროტესტი, რომელიც არა მხოლოდ ამ შენობაში, არამედ მთელ ქვეყანაში ისმის, არ არის მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ყველას, უპირველესად კი თქვენ, როგორც მმართველ პარტიას ამაზე ადეკვატური რეაქცია გქონდეთ, თურმე პარლამენტარებს გვიცავთ, ოღონდ ვერ გავიგე, ვისგან. რამდენიმე დღეა პარლამენტში სხვადასხვა სართულზე, თითქმის ყველგან მობილიზებულები არიან ახალგაზრდა კაცები. ამბობთ, რომ სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან არიან, გვეუბნებით, რომ სუს-დან არიან, ასევე ანტიტერორისტული ცენტრიდანაც. გადავდოთ ეს საკითხი ვინ არიან - ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გვიკრძალავენ გადაადგილებას სართულიდან სართულზე. პირადად მე ტუალეტში გასვლის საშუალებაც არ მომცეს - წრე დაარტყით და ისე წადით ტუალეტშიო. სირცხვილია ამას რომ აკეთებთ და ამიტომ ვუსვამ ხაზს. მეუბნებით, რომ ჩემს სიცოცხლეს და წესრიგს იცავთ, ვისგან? - საქართველოს მოქალაქეებისგან, ვისაც აგენტები უნდა უწოდოთ, არ გინდათ, რომ ამ დისკუსიაში ჩართოთ და ალყა დაარტყით პარლამენტს, ეს ხომ ნიშნავს, რომ თქვენ რაღაცის გეშინიათ. როგორ შეიძლება კომიტეტის სხდომა სპეცოპერაციის რეჟიმში ჩატარდეს; იყოს 10-12 მანდატური და ნებისმიერ სიტყვის წარმოთქმაზე, რომ ეს რუსული კანონია, რეაქცია იყოს მიკროფონის გათიშვა და დეპუტატების გაძევება. ეს ხომ ნიშნავს, რომ თქვენ ჩვენი კრიტიკული აზრის მოსმენა არ შეგიძლიათ და გინდათ, რომ მომავალშიც დაკანონდეს, რომ დეპუტატებისგან კრიტიკული სიტყვა არ ისმოდეს. დიახ, ეს არის რუსული კანონი, რუსული გზა და რასაც თქვენ პარლამენტში აკეთებთ - თიშავთ „ლაივ-სტრიმს", არ უშვებთ ჟურნალისტებს, გვაძევებთ და მიკროფონს გვითიშავთ, ეს არის რუსული გზა",- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×