რეზონანსი
04.03.2023

ქვეყანაში კერძო უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობა სახელმწიფოსას ჭარბობს, თუმცა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტთა რაოდენობა კერძო სასწავლებლების სტუდენტებისას აღემატება. აღნიშნულის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაჩვენებლებშია მოცემული, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

ამ მონაცემების მიხედვით, 2022-2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 62 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო და 43 კერძო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 64.5% ქალაქ თბილისშია.

2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 50.1 ათასი სტუდენტი მიიღეს, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში - 29.4 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში - 20.7 ათასი. სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.4%-ით (4.7 ათასი) გაიზარდა.

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობამ 161.3 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.9%-ით აღემატება. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა 60.6% სწავლობს, ხოლო კერძოში - 39.4%. სტუდენტების 52% ქალია, ხოლო 48% - კაცი.

უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობამ, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 25.1 ათასი შეადგინა, რაც 43.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, გასულ - 2022 წელს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება 25.8 ათასმა სტუდენტმა დაამთავრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.3%-ით ნაკლებია. კურსდამთავრებულებიდან 59.4% ქალია, ხოლო 40.6% - კაცი. აღსანიშნია ისიც, რომ სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა რიცხოვნობას 2.4-ჯერ აღემატება.

სტუდენტების 1.9% 18 წლამდე ასაკისაა, 79.8% - 18-დან 23 წლამდეა, ხოლო 18% - 24 წლის და უფროსი ასაკის.

აღსანიშნია, რომ 2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საზღვარგარეთ სასწავლებლად 723 სტუდენტი გაიგზავნა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 239-ით აღემატება. სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან გაგზავნილი სტუდენტების რიცხოვნობა კერძო უნივერსიტეტებიდან გაგზავნილ სტუდენტთა რიცხოვნობას 2.6-ჯერ აღემატება.

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 1.2%-ით გაიზარდა დასაქმებულ პროფესორ-მასწავლებლების რიცხვიც და 10.6 ათასი შეადგინა.

რაც შეეხება 2022 წელს, უნივერსიტეტებში მიღებული დოქტორანტების რიცხოვნობას, წინა წელთან შედარებით მათი რაოდენობა 10.7%-ით შემცირდა და 874 პირი შეადგინა. დოქტორანტების რიცხოვნობა 6.2%-ითაა შემცირებული და 3 638-ს შეადგენს.

2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, სადოქტორო პროგრამებზე მიღებულთა რიცხოვნობის ზრდა, ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამაზე დაფიქსირდა.

წინა წელთან შედარებით, კურსდამთავრებული დოქტორანტების რიცხოვნობა 23.7%-ით გაიზარდა და 537 პირი შეადგინა. თუმცა, კლება აღინიშნა ჰუმანიტარული მეცნიერებების და ხელოვნებისა და მეცნიერების სადოქტორო პროგრამებზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×