რეზონანსი
01.03.2023

„საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის პროკურორის, მირანდა წერეთლის განცხადებით, ბრალდების მხარემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ახალი მტკიცებულების დასაშვებობასთან დაკავშირებით შუამდგომლობა წარმოადგინა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

მისივე თქმით, გამოკითხულმა დაზარალებულებმა სასამართლოს სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდეს მათთვის ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ.

"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა შუამდგომლობა ახალი მტკიცებულების დასაშვებობასთან დაკავშირებით, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. დასაშვებად იქნა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ის მასალა, რომელიც მოვიპოვეთ. ეს გახლდათ სუნის ნიმუშები, ხმის ნიმუშები, მასთან დაკავშირებული საპროცესო დოკუმენტები, ასევე დადგენილებები ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ გავაგრძელეთ ჩვენი მტკიცებულებების გამოკვლევა, დავკითხეთ გამოცხადებული დაზარალებულები, რომლებმაც სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს მათთვის ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ", - განაცხადა მირანდა წერეთელმა.

მირანდა წერეთლის განმარტებით, ბრალდების მხარეს წარდგენილი აქვს უტყუარი მტკიცებულებები დაკავებული პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით. პროკურორი დარწმუნებულია, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

"ბრალდების მხარეს წარდგენილი აქვს უტყუარი მტკიცებულებები დაკავებული პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით. ასევე, ბრალდების მხარემ იმ ექსპერტიზებით, რომელიც დანიშნულია, მოიპოვებს დამატებით ობიექტურ მტკიცებულებებს და დაადასტურებს წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობას შესაბამისად, ამ მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ სასამართლო მიიღებს უკვე ობიექტურ გადაწყვეტილებას, დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება გამამტყუნებელი განაჩენი", - განაცხადა მირანდა წერეთელმა.

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ,,საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 7 მარტს გაიმართება. სხდომა 11:00 საათზე ჩაინიშნა.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×