რეზონანსი
21.02.2023

23 საათიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ცაგერის მუნიციპალიტეტში დასრულდა და მეხანძრე-მაშველებმა მიწის მასიდან მამაკაცის ცხედარი უკვე ამოასვენეს. უკვე მოხდა დაღუპულის იდენტიფიცირება, იგი ადგილობრივი, 43 წლის გელა ლიპარტელიანია, რომელიც სოფლის საჯარო სკოლაში უცხო ენის მასწავლებლად მუშაობდა.

როგორც ცნობილია, მამაკაცი ახლობელთან მიდიოდა, გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილებისას კი კლდიდან ჩამოიშალა მიწის მასა, რომელმაც ავტომობილი მოიყოლა და მდინარის ნაპირამდე ჩაიტანა. სწორედ იქ მიმდინარეობდა სამძებრო სამუშაოები.

ცაგერის მუნიციპალიტეტში მომხდარ ტრაგედიას, მწერალი და ჟურნალისტი ნანა აკობიძე ეხმაურება და წერს:

"ლეჩხუმში მივდიოდი, ჩემს სოფელში. შემოგვაღამდა, გზა იყო გაფუჭებული და ვერ ავედით სახლამდე - ტრასაზე გავჩერდით. მე აგიყვანთო - მანქანა გაჩერდა. არ მეცნო. მე გიცნობთო. მეზობელი სოფლიდან აღმოჩნდა - აფხაზეთში ვიყავით გადასახლებული, მერე მე დავბრუნდი, სოფელში ინგლისურს ვასწავლიო. აგვიყვანა, აგვარბენინა. ვეპატიჟე, არ შემოგვყვა სახლში. ვაიმე, რა ვაჩუქო-მეთქი და წიგნი მომხვდა ხელში, აფხაზეთის ომის ანთოლოგია. ამაზე უკეთესს ვერაფერს მაჩუქებდით, ალბათ იმიტომ შეგხვდით დღეს, რომ ეს წიგნი გეჩუქებინათო.

ახალგაზრდა მასწავლებელი გელა ლიპარტელიანი - დიდთოვლობაში მაინც წავიდა სახლიდან, რომ გაკვეთილზე შესულიყო მეორე დღეს.

ზვავმა მოიყოლა მანქანით.

დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცაგერში ზვავმა მამაკაცი მოიყოლა.

თუ შეიძლება, დააკონკრეტეთ, რომ ზვავმა მოიყოლა მასწავლებელი გელა ლიპარტელიანი, რომელიც ქალაქიდან დაბრუნდა სოფელში იმისთვის, რომ ესწავლებინა ბავშვებისთვის ინგლისური. და არა მარტო",- წერს ნანა აკობიძე სოციალურ ქსელში.

ამ დროისთვის ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად მოეწყობა ალტერნატიული გზა, რათა მოხდეს გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებთან დაკავშირება.

აღნიშნული შემთხვევა ჩქუმი-ქულბაქის მონაკვეთზე გუშინ საღამოს 7 საათზე მოხდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×