რეზონანსი
21.02.2023

ჯო ბაიდენის სტუმრობა ერთწლიან ომში მყოფ იმ უკრაინის დედაქალაქ კიევში, რომელიც თითქმის ყოველკვირა იბომბება რუსეთის მიერ, მართლაც, რომ ერთგვარი პირადი გმირობაა აშშ-ის 80 წლის 46-ე პრეზიდენტის მხრიდან. ამერიკის სპეცსამსახურებმა ნამდვილი ზესაიდუმლო ოპერაცია განახორციელეს იმისთვის, რომ პრეზიდენტ ბაიდენის კიევში სტუმრობის შესახებ ნაადრევად არავის გაეგო.

ჯერ იყო და ვრცელდებოდა ოფიციალური ინფორმაცია, რომ 21 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი ოფიციალური ვიზიტით ეწვეოდა პოლონეთს, თუმცა მეზობელ უკრაინაში არავითარ შემთხვევაში არ გადაფრინდებოდა, უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებიდან გამომდინარე...

ამასთან, ამერიკულ მასმედიას თეთრი სახლიდან წინა დღეებში აცნობეს, რომ პრეზიდენტი პოლონეთში მხოლოდ 20 თებერვლის საღამოს გაფრინდებოდა... არადა ის უფრო ადრე უკვე კიევის ცენტრში მისეირნობდა...

ოღონდ კიევში პრეზიდენტი ბაიდენი არა მისმა უზარმაზარმა "ბოინგმა" ჩააფრინა, არამედ - მატარებლის ვაგონით იმგზავრა, რომელშიც ის მისმა დაცვამ პოლონეთის ერთ-ერთ სარკინიგზო სადგურში მალულად ჩასვა...

გასაგებია, რომ ბაიდენის "ბოინგის" - "ბორტი ნომერი 1"-ის ფარულად გადაფრენა კიევის სიახლოვეს, რომელიმე უკრაინულ აეროდრომზე, უბრალოდ, წარმოუდგენელი იქნებოდა და ის საუკეთესო საჰაერო სამიზნე გახდებოდა რუსეთის შორსმოქმედი "მიწა-ჰაერის" საზენიტო და "ჰაერი-ჰაერის" შორსმფრენი მართვადი რაკეტებისთვის და რუსეთიც მოძებნიდა "მყარ არგუმენტს" - ჩვენ რა შუაში ვართ, ეს უკრაინელებმა თავად დასავლეთის მიერ გადაცემული საზენიტო რაკეტით შეცდომით ჩამოაგდეს აშშ-ის პირველი პირის თვითმფრინავიო...

ეს კი არა, "ბორტი ნომერი ერთი" არც პოლონეთში ჩაფრენილა და იქ პრეზიდენტი ბაიდენი, სავარაუდოდ, სხვა, ნაკლებად შესამჩნევი თვითმფრინავით, შეიძლება სამხედრო-სატრანსპორტო "სი-17"-ითაც კი ჩააფრინეს.

სანამ ბაიდენი უკრაინის ტერიტორიაზე იყო, მის საზღვართან ორი ამერიკული „ავაქსი“ წრეებს ურტყამდა...

 ისე კი, ყოველი შემთხვევისთვის, პოლონეთ-უკრაინის საზღვრის სიახლოვეს ცაში მერამდენე საათია, ბარაჟირებდა ორი ამერიკული "ავაქსი" - ადრეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა და რადიოელექტრონული დაზვერვის "ბოინგები", რომლებიც მათზე დაყენებული რადიოლოკატორი "თეფშებით" თითქმის 600 კმ სიშორეზე აღმოაჩენენ ნებისმიერ რუსულ საფრენ აპარატს, ანუ აკონტროლებენ ცას კიევის თავზეც და ბელარუსის მთელ საჰაერო სივრცეს...

ყოველი შემთხვევისთვის, უკრაინის საზღვართან, ასევე, მობილიზებულია აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების სწრაფი რეაგირების დანაყოფები და "ბლექ ჰოუკის" ტიპის სატრანსპორტო შვეულმფრენები, მათ შორის - სამედიცინო-საევაკუაციო მოდიფიკაციის.

პოლონურ აეროდრომზე ამერიკული არმიის საევაკუაციო შვეულმფრენები სრულ მზადყოფნაში იმყოფებიან...

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მალულ, მაგრამ გაბედულ ოფიციალურ ვიზიტს ომში მყოფ უკრაინის დედაქალაქში უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთლიანად უკრაინისთვის, მისი მოსახლეობისთვის და, საერთოდ, ყველა მათთვის, ვინც რეალურად აღიქვამს პუტინის რუსეთისგან მომდინარე საფრთხეს.

 პრეზიდენტი ბაიდენი კიევში ცარიელი ხელით არ ჩასულა და განაცხადა, დამატებით 500 მლნ-დოლარიანი სამხედრო დახმარების აღმოჩენის შესახებ, უკრაინის არმიისთვის "ჰაიმარსებისა" და "ჯაველინების" რაკეტების მორიგი პარტიის სახით, თუმცა ბევრად უფრო მნიშვნელოვნად მოჩანს ბაიდენის მიერ კიევში გაჟღერებული სიტყვები - "ჩვენ ვიცით, რომ წინ არის მძიმე დღეები, კვირეები, წლები. პუტინის მიზანია, უკრაინა რუკიდან წაშალოს, მაგრამ ის უკვე მარცხდება, ხოლო დასავლეთი უკრაინას დაეხმარება მანამდე, სანამ ამის საჭიროება იქნება"...

ირაკლი ალადაშვილი

"კვირის პალიტრა"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×