რეზონანსი
16.02.2023

 პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი ამილახვარის ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის გადაწევასთან დაკავშირებით კვლავ მუშაობენ. სკოლაში შესვლის ასაკის ცვლილება სასკოლო ინფრასტრუქტურის მატებაზეა დამოკიდებული.

„პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის გადაწევა დამოკიდებულია სასკოლო ინფრასტრუქტურის მატებაზე. ახლა კეთდება ანალიზი, თუ როგორ გაიზარდა ამ ერთი წლის განმავლობაში სასკოლო ინფრასტრუქტურა. ამის მიხედვით მივიღებთ წელს ვადის გადაწევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. განათლების სამინისტროსთან ერთად ვართ კონსულტაციის რეჟიმში, რომ დავაზუსტოთ, ერთი წლის განმავლობაში, რა დოზით მოგვემატა სასკოლო ინფრასტრუქტურა. 

ბევრი სკოლის რეაბილიტაცია მოხდა, მათ შორის ახალი სკოლები დაგვემატა, ახლა მიდის სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება. როდესაც გვექნება ეს ინფორმაცია, შესაბამისად გვექნება ეს გადაწყვეტილება. თუ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, კანონში ცვლილებას ისე მოვახდენთ, არავინ შეფერხდება. როგორც გასულ წელს, წელსაც დაჩქარებული წესითაც შეგვიძლია კანონში ცვლილება, ან გავახანგრძლივებთ რეგისტრაციის ვადას. ამ ეტაპისთვის, კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს უკვე გვექნება ნათელი სურათი. როცა გვექნება ანალიტიკური ინფორმაცია, გადაწყვეტილებაც შესაბამისი გვექნება.

მიდგომა, ხედვა პოლიტიკის დონეზე არის და გვექნება, რომ ეტაპობრივად, ნაბიჯ- ნაბიჯ ვადა გადაიწიოს და მივიდეთ ყველაზე ლოგიკურ და სწორ წყალგამყოფთან. მიგვაჩნია, რომ სკოლაში შესვლის წყალგამყოფი ასაკი უნდა იყოს 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვები. ეს პოლიტიკა და ხედვა გაგრძელდება სასკოლო ინფრასტრუქტურის მატებასთან ერთად“, - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" ამილახვარმა.

ცნობისთვის, გასულ წელს კანონში ცვლილებითა და პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სკოლაში შესვლის უფლება 2022-2023 სასწავლო წლისთვის იმ ბავშვებსაც მიეცათ, რომლებიც 6 წლის ნაცვლად, სწავლის დაწყების თარიღისა, 1-ელ ოქტომბრამდე გახდნენ. მიღებული გადაწყვეტილებით, პირველკლასელი 2022-2023 სასწავლო წელს დამატებით 2500-მდე მოსწავლე გახდა.

"ინტერპრესნიუსი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×