რეზონანსი
15.02.2023

ტურისტებში პოპულარული სტამბოლი უკიდურესად მაღალი სეისმური რისკის ზონაში მდებარეობს და თურქეთს დიდი დრო არ რჩება საშინელ კატასტროფამდე. ამის შესახებ პოტსდამში არსებული გეოლოგიური კვლევის გერმანული ცენტრის (GFZ) მეცნიერებმა განაცხადეს, რასაც day.az ავრცელებს.

ისინი სტამბოლში ახალი მიწისძვრის სავარაუდო დროს ასახელებენ.

„სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად ათასობით დაღუპული ადამიანი არის გაფრთხილება სტამბოლისთვის. ამ მეტროპოლიისთვის 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა დიდი ხანია, მომწიფებულია," - აცხადებს პოტსდამის კვლევითი ცენტრის მეცნიერი, მარკო ბონჰოფი.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ შემდეგი ძლიერი მიწისძვრა ახლოსაა და ის, სავარაუდოდ, სტამბოლის რეგიონში მოხდება.

„იმის მიუხედავად, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთის ბოლო მიწისძვრების შედეგად სტამბოლში ვითარება არ შეცვლილა, მეტროპოლიის რისკი მთლიანობაში ისეთივე მაღალია, როგორიც უკვე დაზარალებულ რეგიონში," - ამბობს მეცნიერი.

მისი გამოთვლით, სტამბოლში ძლიერი მიწისძვრის გამეორების საშუალო პერიოდი 250 წელია, ხოლო ბოლო დიდი მიწისძვრა 1766 წელს მოხდა. ამდენად, ბონჰოფის შეფასებით, „შემდეგი მიწისძვრა დიდი ხანია, მომწიფებულია." მეცნიერის თქმით, წლისა და თარიღის სიზუსტით პროგნოზირება ძნელია, თუმცა უკიდურესად მაღალია იმის ალბათობა, რომ სტამბოლის რეგიონს მომდევნო რამდენიმე წელიწადში ან ათწლეულში ძლიერი მიწისძვრა ემუქრება.

გეომეცნიერების კვლევითი ცენტრის თანახმად, რეგიონი ჩრდილოეთ ანატოლიის რღვევის სისტემის ნაწილი, ანუ დიდი ტექტონიკური ფილის საზღვარია, რომელიც მრავალი მსხვერპლის გამომწვევი დამანგრეველი მიწისძვრებით არის ცნობილი. მითუმეტეს, რღვევის მთავარი განშტოება სტამბოლის სამხრეთით, სულ რაღაც 20 კილომეტრში, მარმარილოს ზღვის ქვემოთ გადის.

„ამგვარად, ძლიერ მიწისძვრას დამანგრეველი შედეგები მოჰყვება," - ამბობს მარკო ბონჰოფი.

ექსპერტი განმარტავს, რომ ამ ტექტონიკური ფილის ბოლო პერიოდის დარტყმა სტამბოლიდან 80 კილომეტრში მდებარე ქალაქ იზმითთან 1999 წელს მომხდარი მიწისძვრაა, რომელმაც 17 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. თუმცა „მარმარილოს ზღვის ქვემოთ მდებარე ტერიტორია ჩრდილოეთ ანატოლიის ფილის მთელი საზღვრის ერთადერთი მონაკვეთია, რომელიც 250 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ გააქტიურებულა და ბევრი ნიშანია იმისა, რომ მასში დიდი დაძაბულობა არის დაგროვილი."

ამასთან, მეცნიერი ვარაუდობს, რომ ვითარება შესაძლოა, სტამბოლის ქვეშ ნიადაგის გეოლოგიურმა სტრუქტურამაც დაამძიმოს: სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი გრანიტის მსგავს მყარ ნიადაგზე კი არა, მშრალ ლაგუნაზე დევს, ხოლო რბილ ნიადაგზე შესაძლოა, მიწის მოძრაობა მეტად გაიზარდოს და ზოგჯერ გათხევადების ეფექტებიც კი თან ახლდეს. ორივე მოვლენას მეტი ზიანი მოაქვს. ამავე მახასიათებელს შეუძლია, ხელი შეუშალოს განგაშის დროულად გამოცხადებას, რადგან ტექტონიკური ფილის საზღვრამდე მცირე მანძილის გამო გაფრთხილების დრომ შესაძლოა, რამდენიმე წამსაც ვერ მიაღწიოს.

„სტამბოლში დიდი მიწისძვრა აუცილებლად მოხდება. ეს მხოლოდ დროის საკითხია," - ამბობენ გერმანელი გეოლოგები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×