რეზონანსი
15.02.2023

იურიდიული ფირმა MKD Law, რომელიც შვეიცარიულ ბანკთან დავაში ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავს, განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საერთაშორისო მედია ისევ უარს ეუბნება მათ "კრედიტ სუისს"-ის მენეჯმენტის მამხილებელი სტატიების გამოქვეყნებაზე. 

"ჩვენ ისევ იმ ბარიერს შევეჯახეთ, რომელსაც ბანკის მენეჯმენტის მამხილებელი სტატიების ცენზურა ჰქვია. შეგახსენებთ, რომ როდესაც საქმე ეხება ბანკის კრიტიკას, წამყვანი საერთაშორისო მედია, მათ შორის, Financial Times, Wall Street Journal, Bloomberg, Reuters და მსგავსი კალიბრის სხვა გამოცემები სიამოვნებით აქვეყნებენ მათ. სიტუაცია კარდინალურად განსხვავდება, როდესაც ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ჟღერდება ლოგიკური და ობიექტური ანალიზი, რასაც მოსდევს ასეთივე, საღ მსჯელობაზე დაფუძნებული ლეგიტიმური შეკითხვები", - წერია განცხადებაში. 

ფირმა განცხადებას თან ურთავს სტატიას, რომლის გამოქვეყნებაზეც უარი 14 თებერვალს მიიღეს. სტატიაში ნათქვამია, რომ 2022 წლის დეკემბრის მეორე ნახევარში, სააპელაციო პროცესის დასრულების შემდეგ, ბანკის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ თანხის გადმორიცხვას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდა, თუ ივანიშვილის ადვოკატები დაწერდნენ, რომ თანხის გადმორიცხვით თეორიული რისკიც არ შეექმნებოდა ივანიშვილისვე სატრასტო კომპანიების მოთხოვნებს:

"2023 წლის 3 იანვარს ბატონმა ივანიშვილმა დაადასტურა წერილობითი ფორმით, რომ ბანკს შეეძლო თანხა გადმოერიცხა და რომ ის თავად იღებდა ყველანაირ თეორიულ და ჰიპოთეტურ რისკს თავის თავზე, ხოლო მოცემული საკითხი იურისტების გადასაწყვეტი არ იყო. ცხადი იყო, რომ არცერთი იურისტი არ დაწერდა, რომ თეორიული რისკი არ არსებობდა და ეს ბანკის მენეჯმენტმა ძალიან კარგად იცოდა; შესაბამისად, ბანკის მენეჯმენტმა, თითქოსდა ბატონი ივანიშვილის კომპანიების ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ფაქტობრივად უარი თქვა გადმორიცხვაზე მიუხედავად იმისა, რომ მოჩვენებითად აცხადებს, თითქოს იგი მზად არის გადმორიცხვისთვის. 2022 წლის მარტიდან უკვე თითქმის ერთი წელი გავიდა, ხოლო ბანკის მენეჯმენტი ზემოთ აღწერილი პინგ-პონგით არის დაკავებული".

იურისტები ამბობენ, რომ "ეს ყველაფერი ბატონი ივანიშვილის მიმართ დაუფარავი შანტაჟია".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×