რეზონანსი
01.02.2023

„ნაციონალური მოძრაობა" თავის გზავნილებში ხშირად არ არის თანმიმდევრული და ეს ის პრობლემაა, რაც შემდეგ მთლიანობაში ოპოზიციას აზიანებს - დიდად თავს არ იკლავენ აქ მუშაობით, მაგრამ თუ მართლა უნდა ვიღაცას პარლამენტის დატოვება, შეუძლია დატოვოს, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების" წევრმა ლევან იოსელიანმა „ქრონიკის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„საპარლამენტო მანდატების დატოვებას აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსთაველზე დგას 100 000 კაცი, რომელიც გიმაგრებს ზურგს. მაშინ მართლა აზრი აქვს, რომ პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა მათი მოთხოვნის შესაბამისად და მერე შენი პოლიტიკური მიზნებისთვის იბრძოლო. მაგრამ ამ საპარლამენტო მანდატების დატოვებას არაფერი და ვერაფერი მოჰყვება. დატოვა რამდენიმე ადამიანმა. ამით არაფერი შეიცვალა და ყველამ რომ დატოვოს, მაინც არაფერი შეიცვლება ხომ?! ყველას კარგად ესმის ეს. „ნაციონალური მოძრაობის" სიით შემოსული ადამიანების უმრავლესობა, დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურად სხვა აზრზეა და ეჭვი მეპარება საერთოდ ვინმემ მიიღოს ეს გადაწყვეტილება. შეიძლება ერთი-ორი ადამიანი აღმოჩნდეს, ვინც ასე მოიქცევა. „ნაციონალური მოძრაობა" თავის გზავნილებში ხშირად არ არის თანმიმდევრული და ეს ის პრობლემაა, რაც შემდეგ ოპოზიციას მთლიანობაში აზიანებს. დიდად თავს არ იკლავენ აქ მუშაობით, მაგრამ თუ მართლა უნდა ვიღაცას პარლამენტის დატოვება, შეუძლია დატოვოს. ქალბატონმა ნონა მამულაშვილმა ზედმეტი პერფორმანსების გარეშე დატოვა მანდატი, წავიდა და მას მიაჩნდა, რომ ეს სწორი იყო. შეუძლია სხვებმაც მიბაძონ მას და დატოვონ, თუმცა, ეს არაფერს შეცვლის პოლიტიკური თვალსაზრისით. პირიქით, გაართულებს შესაძლებლობას იმის, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, რადგან მათი მოთხოვნაა, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე უნდა იყოს ჩართული ამ რეკომენდაციების შესრულებაში. არ მონაწილეობენ ერთია, მაგრამ თუ საერთოდ გავლენ პარლამენტიდან, ეს ალბათ, უფრო ცუდად აისახება ჩვენს ამ პერსპექტივაზე",- აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

ხატია დეკანოიძემ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც პარტიის ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მზად არის სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ უარი თქვან მანდატებზე პარლამენტსა და საკრებულოებში. დეკანოიძის განცხადებით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოპულისტური პოლიტიკა, რადგან პოპულისტურ პოლიტიკას მომავალი არ აქვს არათუ პარტიაში, არამედ ზოგადად.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×