რეზონანსი
01.02.2023

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბათუმის პოლიციის განყოფილებაში მოქალაქის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"2023 წლის 31 იანვარს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ბათუმის პოლიციის მე-7 განყოფილებაში მოქალაქე მ.ნ.-ს მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

გამოძიების დაწყებისთანავე, სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულ იქნა ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული მ. ნ., რომელმაც განმარტა, რომ ბათუმის პოლიციის მე-7 განყოფილებაში მისი გადაყვანის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს", - აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გადაუდებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს ატარებს.

"კერძოდ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დაინიშნა, რა მიზნითაც ექსპერტის მიერ დაკავებული პირის შემოწმება მოხდა.

სასამართლოში წარდგენილია შუამდგომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის პოლიციის მე-7 განყოფილების ადმინისტრაციული შენობის შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების მოწოდების მოთხოვნით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან და სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის ამოღება და მ.ნ.-ს დაკავების ადგილზე არსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების იდენტიფიცირება მიმდინარეობს.

ასევე, მ.ნ.-სთან შემხებლობაში მყოფი პოლიციის ყველა თანამშრომელი მოწმის სახით გამოიკითხება", - ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×