
რეალურად, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ არ აინტერესებს ქართული პოლიტიკა, ყველაზე უფრო აქტიური და ერთადერთი ადამიანია, ვინც მართლა პოლიტიკაშია ჩართული, - ამის შესახებ ლევან იოსელიანმა „ქრონიკაში" განაცხადა. „მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ექსპრეზიდენტი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხით მაქსიმალურ ზეწოლას ახორციელებს ხელისუფლებაზე და აქედან გამომდინარე, მოქმედებს როგორც პოლიტიკოსი.
„ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის „ნაციონალური მოძრაობა" და „ნაციონალური მოძრაობა" უდრის მიხეილ სააკაშვილს. არც ლევან ხაბეიშვილს და არც სხვა ლიდერებს იმის მეასედი ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა არ აქვთ, რაც სააკაშვილს აქვს. მიხეილ სააკაშვილი რომ მართლა გაემიჯნოს „ნაციონალურ მოძრაობას" და პოლიტიკას, სრულიად განსხვავებულ პროცესებს მივიღებთ. ამ პარტიისგან, ჩემი აზრით, უბრალოდ არაფერი დარჩება. მაგრამ სააკაშვილი რჩება ამ პარტიაში, რჩება ამ პარტიის არაფორმალურ ლიდერად და ახორციელებს სერიოზულ ზეწოლას მმართველ პარტიაზეც, ხელისუფლებაზეც. ამას აკეთებს საგარეო ფრონტითაც, საკმაოდ ეფექტურად და შიგნითაც", - მიიჩნევს იოსელიანი.