
უკრაინაში მებრძოლი ქართველი ნადიმ ხმალაძე ამბობს, რომ ხელფასი აქვს ნებისმერ მებრძოლს, რომელიც უკრაინის არმიასთან კონტრაქტს აფორმებს. როგორც მან "ამბებთან" ინტერვიუში განაცხადა, ქართველების 60-70%-ს ვოლონტიორები ინახავენ. ზოგიერთი, საკუთარ თავსაც ინახავს და სხვებსაც ეხმარება.
„მე არაფერი მაქვს დასამალი. ხელფასი აქვს ნებისმერ მებრძოლს, რომელიც უკრაინის არმიასთან კონტრაქტს აფორმებს, მაგრამ ეს ისეთი ხელფასი არ არის, ტყვიისთვის შუბლის შეშვერად რომ ღირდეს, ამ თანხით მხოლოდ საჭმელს, სიგარეტს და წყალს იყიდი, მეტს ვერაფერს. ჯარისკაცებს შორის არიან მოხალისეები, რომლებიც უარს ამბობენ კონტრაქტზე. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ფული საერთოდ არ აინტერესებთ. მათ თავი ვოლონტიორების ხარჯზე გააქვთ. რა აძლევს ვალანტიორი ჯარისკაცს? - სიგარეტს, პროდუქტს და წყალს, ხანდახან შეიძლება, თბილი ჩექმაც გაუგზავნოს, ფული გამორიცხულია. სხვათა შორის, ქართველების 60-70%-ს ვოლონტიორები ინახავენ. ზოგიერთი, საკუთარ თავსაც ინახავს და სხვებსაც ეხმარება.
აქ ბევრია ისეთი, ვისაც ევროპაში ბიზნესი ჰქონდა ან ისევ აქვს. მილიონერი არ ვარ, მაგრამ პატარა ბიზნესი მეც მაქვს, რომლის წყალობითაც, საქართველოში ანტისაოკუპაციო ჯგუფს ვეხმარებოდი, ახლა აქ ვცდილობ ბიჭებს შევეშველო. ერთხელ ბიჭებს საბურავები დასჭირდათ, უცებ ვერაფერი მოვახერხე და სოციალურ ქსელში დავწერე. საქართველოსდან ერთი ოქროს გოგონა, ანი ქავთარაძე გამომეხმაურა. ჩვენი ბიჭებისთვის ფული აუგროვებია. საბურავებიც უყიდეს და რამდენიმე ხელი თბილი ფორმაც. მისი სიკეთე გადამდები აღმოჩნდა, საიდან აღარ გვეხმიანებოდნენ ქართველები, ამერიკიდან, ევროპიდან...
ძალიან ბევრს აღმოაჩნდა ჩვენი ბიჭების დახმარების სურვილი. აღარ ჩერდება ხალხი. მინდა იცოდეთ, რომ მხოლოდ ფინანსურ დახმარებაში არ არის საქმე, ქართველი ხალხის გამხნევება, მხარდაჭერის გამოხატვა, დალოცვა ძალიან მნიშვნელოვანია, უდიდეს სტიმულს გვაძლევს“ - განაცხადა ნადიმ ხმალაძემ.
ambebi.ge