რეზონანსი
24.01.2023

თბილისის სააპელაციო სასამართლოში დავით კეზერაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 16 თებერვალს 13:00 საათზე ჩაინიშნა. ადმინისტრაციულ დავაზე მოსამართლეთა კოლეგია ოთარ სიჭინავას, ლაშა თავართქილაძისა და გოჩა ჯეირანაშვილის შემადგენლობით მსჯელობს. კოლეგიამ იმედი გამოთქვა, რომ განხილვა ერთ პროცესში დასრულდება.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის შუამდგომლობები განიხილეს. ადვოკატები ითხოვდნენ იმ მოწმებიის გამოკითხვას, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ სადაო წვრთნები ჩატარდა. საუბარია გენერალური შტაბის მაშინდელ ხელმძღვანელზე ზაზა გოგვაზე, სამხედრო ჯარების სარდალ მამია ბალახაძეზე, რომელიც ამჟამად თავდაცვაში მუშაობს და მინისტრის მაშინდელ მოადგილე ვერა ძნელაძეზე, რომელიც შესყიდვებზე იყო პასუხისმგებელი.სააპელაციომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

რაც შეეხება მეორე შუამდგომლობას, უფლებადამცველები ამბობენ, რომ საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული. მათ წარადგინეს კეზერაშვილის წინააღმდეგ, სახელისუფლებო პროპაგანდისტული განცხადებები, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირების მუქარები. აღნიშნულ შუამდგომლობაზე მოსამართლემ თქვა, რომ მტკიცებულებების კვლევის ეტაპზე იმსჯელებენ.

დავით კეზერაშვილის საქმე

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს, უწყებისთვის მატერიალური ზიანის მიყენებას ედავებიან და ზარალის კომპენსაციას ითხოვენ.

პირველი ინსტანციის სასამართლომ, 2022 წლის 29 მარტს, გაიზიარა ბრალდების მხარის ვერსია და კეზერაშვილს 5 მლნ ევროს ანაზღაურება დააკისრა. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP- ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღია.

დავით კეზერაშვილთან ერთად დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვას ედავებოდნენ შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსსაც, ალექსანდრე ნინუას.

კეზერაშვილის ერთადერთი აქტივი საქართველოში ტელეკომპანია "ფორმულაა". ადვოკატები აცხადებენ, რომ პოლიტიკური სასამართლოს საბოლოო მიზანი სწორედ დამოუკიდებელ მედიაზე დარტყმაა.

აღნიშნული საქმე თავიდან სისხლის სამართლის წარმოება იყო და ის პირველ და მეორე ინსტანაციებში კეზერაშვილმა მოიგო, თუმცა უზენაესმა სასამართლომ ის გაამტყუნა და 5 წლიანი პატიმრობა შეუფარდა დაუსწრებლად. ამ დროს უზენაესის კოლეგიის ერთ-ერთი წევრი ივანიშვილს ყოფილ ადვოკატი შალვა თადუმაძე იყო.

ამის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ კვლავ მოითხოვა ადმინისტრაციული წარმოება ზარალის ანაზღაურების მუხლით. თავდაცვა ამტკიცებს, რომ წვრთნებში გადახდილი თანხა კეზერაშვილმა მიითვისა და წვრთნები არ ჩატარებულა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×