რეზონანსი
16.01.2023

2022 წლის დაჯამებული მონაცემებით, საქართველოში ფრენები 88%-ით, ხოლო მგზავრთნაკადი 85%-ით აღდგა, - ამის შესახებ აღნიშნულია ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ შეჯამებული მონაცემების მიხედვით, 2022 წელს, საქართველოს აეროპორტები, ჯამში, 4 441 316 მგზავრს მოემსახურა, რაც 78%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე, 2019 წელს გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობასთან მიმართებაში, მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი კი 85%-ს შეადგენს.

გასულ წელს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 998 785 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 78%-ს შეადგენს. ამასთან, მგზავრთნაკადის აღნიშნული მაჩვენებლით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 81%-ით დაუბრუნდა 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობრივ მაჩვენებელს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 796 063 მგზავრი. მგზავრთნაკადის ზრდა 2021 წელთან შედარებით 182%-ს შეადგენს. 2019 წელთან შედარებით კი, ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 91%-ს შეადგენს.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 616 885 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2021 წელთან შედარებით 20%-ია, ხოლო 2019 წელთან მიმართებაში, მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 99%-ს შეადგენს.

მგზავრთნაკადის ზრდის დადებითი დინამიკაა ასევე ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებში. მესტია 2022 წლის დაჯამებული მონაცემებით 9 385 მგზავრს მოემსახურა, რაც 83%-ით მეტია ვიდრე 2021 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა და 9%-ით აღემატება პანდემიამდე, 2019 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობას. ამბროლაურის აეროპორტმა განვლილ წელს 2 657 მგზავრი მიიღო, რაც 33%-ით მეტია, ვიდრე 2021 წელს მომსახურებული მგზავრების რაოდენობა და 35%-ით აღემატება 2019 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობას. 2019 წელთან შედარებით, ნატახტრის აეროპორტში მგზავრთნაკადი 96%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წელთან მიმართებაში ზრდა 148%-ს შეადგენს. აეროპორტი 17 541 მგზავრს მოემსახურა.

2022 წელს, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 21 430 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 16 290-ს, ხოლო ჩარტერების - 5 140-ს. 2021 წელს განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისების რაოდენობა 43%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, აღდგენის მაჩვენებელი 88%-ს შეადგენს.

1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 41 ავიაკომპანია 60 მიმართულებით ოპერირებს. 2022 წელს, ქვეყანას 9 ახალი ავია მიმართულება დაემატა, საავიაციო ბაზარზე კი შემოვიდა 10 ახალი ავიაკომპანია (Condor Airlines, Flyone Armenia, Varesh Airlines, Flyadeal, Armenia Airways, Pars Air, Southwind Airlines, Air Moldova, Thai Air Asia X და FlyArna).

2022 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე Wizz Air-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 13%-იან წილს ფლობს და 588 226 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი. რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. Wizz Air Hungary - 13% (588 226 მგზავრი);

2. Turkish Airlines - 12% (546 895 მგზავრი);

3. Pegasus - 9% (408 780 მგზავრი);

4. Belavia - 6% (243 620 მგზავრი);

5. Fly Dubai - 5% (227 612 მგზავრი);

6. Azerbaijan Airlines - 5% (209 415 მგზავრი);

7. Israir - 4% (197 109 მგზავრი);

8. Flynas - 4% (162 462 მგზავრი);

9. Georgian Airways - 3% (148 612 მგზავრი);

10. Fly Arystan - 3% (138 939 მგზავრი).

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×