რეზონანსი
09.01.2023

2 იანვარს ვაკეში, ერისთავის ქუჩაზე მდებარე "ავერსის" აფთიაქში ფიზიკურად გაუსწორდნენ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს - მას მომღერალ გია გაჩეჩილაძის ("უცნობი") სიძემ, გიორგი (გიგიშა) შარაშიძემ სცემა. ინფორმაციის გავრცელებისთანავე გიორგი შარაშიძემ მომხდარი დაადასტურა და თქვა, რომ დეტალურ ინფორმაციას გამოძიებას მიაწვდიდა.

აფთიაქის თანამშრომლები მედიასთან ამბობენ, რომ მათ ვერ მოახერხეს ჩხუბში მონაწილე პირების იდენტიფიცირება, ვინაიდან უთანხმოება აფთიაქის გარეთ მოხდა.

გიორგი (გიგიშა) შარაშიძე კონფლიქტის მოტივზე მედიასთან ჯიუტად არ საუბრობს, "კვირის პალიტრას" მხოლოდ ის უთხრა, რომ ინციდენტი აფთიაქში მოხდა, სადაც ვანო მერაბიშვილი მარტო იყო. ამბობს იმასაც, რომ ყველა შესაძლებლობა გამოიყენა, რაც შეეძლო (ხელ-ფეხი) და ყოფილ მინისტრს ფიზიკურად გაუსწორდა.

„რაც ვთქვი იმაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი, მოტივზე არ ვსაუბრობ. ვიცი, რომ ვანოც არ იტყვის, მაგრამ მე ხომ ყველაფერს ვერ ვიკადრებ? ვაღიარებ, რომ ვანოს ხელითაც შევეხე, ფეხითაც - პანღური ვუთავაზე, ანუ რისი შესაძლებლობაც იყო, ყველაფერი გამოვიყენე. ვანოს წინააღმდეგობა არ გაუწევია, გაიქცა. ალბათ, მარტო იყო, დაცვა ვერ დავინახე“ - აღნიშნა გიგიშა შარაშიძემ.

პარალელურად კი შარაშიძე ჩვენებაში წერს: 

"აფთიაქში ცოტა ხალხი იყო, ერთი ქალი და მეორე - ვანო, რომელიც 7-8 მეტრიდან დავინახე, მას მივამსგავსე. აფთიაქიდან გამოვედი, ხალხში ხმამაღლა რომ არ მელაპარაკა, კართან ბიძაშვილს დავემშვიდობე და ტელეფონზე საუბარი შევწყვიტე. ისევ შევბრუნდი აფთიაქში, ამასობაში, ვანომაც იყიდა წამალი, გამობრუნდა და ვკითხე, ვანო არა ხარ, მერაბიშვილი? კიო, დამიდასტურა. ვუთხარი, მე ბუტას მეგობარი ვარ, გახსოვს ბუტა რობაქიძე-მეთქი? ვანომ მიპასუხა, რა დროს თუ რაღა დროს ბუტააო (ალბათ, ახალი წელი იგულისხმა დროში). ამაზე გავმწარდი, გადამეკეტა და ხელი მოვუქნიე". ვანოს 2-3-ჯერ მოვუქნიე ხელი, ზოგი მოხვდა, ზოგი - არა, ვინაიდან ხელი აიფარა, მერე წიხლიც ამოვარტყი, მგონი, ისიც მოხვდა, მერე გაიქცა. მივეცი გაქცევის საშუალება, არ გამოვეკიდე. როცა კარი გამოვაღე, ვანო უკვე მანქანასთან იყო (20 მეტრში იდგა მისი მანქანა). როცა ვანო საჭესთან ჯდებოდა, კიდევ მივაძახე რაღაც, შევაგინე, ეს იყო და ეს".

"კვირის პალიტრა"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×