რეზონანსი
26.12.2022

ევროპული საბჭოს მიერ 23 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით საქართველო გახდა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - ელჩების კონფერენცია 2022-ის გახსნაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2022 წელს მოხდა ისტორიული მნიშვნელობის უპრეცენდენტო მოვლენა, როდესაც ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა.

„ჩვენმა ხელისუფლებამ თანმიმდევრული პოლიტიკით, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებით, რეფორმების განგრძობადობით შექმნა მნიშვნელოვანი ფუნდამენტი ქვეყნის ეროვნული მიზნების, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე წარმატებების მისაღწევად. ამ კუთხით გამოწვევებით აღსავსე 2022 წელს მოხდა ისტორიული მნიშვნელობის უპრეცენდენტო მოვლენა, როდესაც ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. დღეს ევროკავშირი და ჩვენი ევროპელი მეგობრები პირდაპირ აცხადებენ, რომ საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია და რომ საქართველო ევროკავშირის წევრი აუცილებლად გახდება. ევროპული საბჭოს მიერ 23 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით საქართველო გახდა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი, ეს არის მოცემულობა, რომლისთვისაც ქართული დიპლომატია მრავალი წელი იბრძოდა", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

თბილისში ელჩების კონფერენცია გაიხსნა. ყოველწლიურ ღონისძიებაზე შეიკრიბნენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.

კონფერენციის მონაწილეები შეაჯამებენ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით 2022 წლის საქმიანობას და მიღწევებს, ასევე იმსჯელებენ 2023 წლის სამოქმედო გეგმაზე.

ელჩების კონფერენცია, ე.წ. ამბასადორიალი ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. აღსანიშნავია, რომ პანდემიის შემდგომ ამბასადორიალი ფიზიკურ ფორმატში წელს პირველად ტარდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×