რეზონანსი
13.12.2022

“რამდენიმე დღის წინ ბაღდათში, ერთ – ერთ მთიან სოფელში, გზის რეკონსტრუქციაზე მომუშავე 22 წლის ბიჭი მუშაობის პროცესში დენის დარტყმის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ხობის რაიონის სოფელ ახალსოფლის მკვიდრი – გოგიტა ბანცაძეა. ბიჭი, რომლის ტრაგედიამაც შეძრა ყველა, რამდენიმე დღეში სახლში დაბრუნებას აპირებდა თურმე, ახალშერთულ მეუღლესთან, ერთი წლის დემეტრესთან და ჯერ არ გაჩენილ მეორე შვილთან, რომლისთვისაც სახელიც თავად შეურჩევია. გოგიტა გამორჩეული იყო ყველასგან, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდას დიდი მიზნები და ოცნებები ჰქონდაო, – ამბობენ სოფელში.

ყველგან მხიარულება და სითბო მოჰქონდაო, ცეკვავდა, მღეროდა, თავისივე სკოლელი ასევე გამორჩეული გოგო, ლიკა შეჰყვარებია და უქორწინია მასზე, იშვიათად ნახავდოთო ასეთ წყვილს, თვალს წყვეტდაო ყველას მათი ერთად გამოჩენა.

იმ ავბედით დღეს უთქვამს, ჩემს ბიჭს ფეხი აუდგამს და მალე მინდა ვნახო როგორ დადისო. მეუღლის ძმა და მისი თანატოლი თორნიკე გვიყვება, განსაკუთრებით უყვარდათ ერთმანეთიო, დღის და ღამის ცვლაში ერთდროულად მუშაობდაო, საახალწლოდ ლიკასთვის განსაკუთრებული სამკაული უნდოდა ეყიდაო, აი, ლიკას გავახარებ, რაც მას მოსწონს იმას ვაჩუქებ და მერე მარტო დღის ცვლაში ვიმუშავებო.

–მეორე შვილის მოლოდინში იყო ოცნებობდა პატარა კიკინებიან გოგოზე, გარდაცვალების წინა დღეს დაურეკა ლიკას და უთხრა ჩვენ ჯერ არდაბადებულ გოგოს სახელი შევურჩიეო – ნენე დავარქვათო – გვიყვება თორნიკე.

პატარა დემეტრეს მამას რომ ხედავდა არავინ უნდოდაო, ახლა ბიძას ამსგავსებს, იმასაც გოგიტასავით წვერი აქვს ის გონია და ეხუტება, არ შორდებაო… რაც შეეხება ტრაგედიას, ექსპერტიზის პასუხი ჯერ არ არის, თვითმხილველების თქმით კი მოხდა ასეთი რამ, სოფლის დენის გამანაწილებელ ტრანსფორმატორს, რომელიც ფაქტიურად გზაზე დგას, მუშაობის პროცესში გამოედო რკინის გრძელი ნაწილი, რომელიც გარდაცვლილს ეჭირა ხელში და გადაიტანა დიდი სიმძლავრის დენი, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. ფაქტი კი უმძიმესი და გამოუსწორებელია, ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე ოცნებებით, სიკეთით და სიყვარულით დახუნძლული, კარგად აღზრდილი, სამეგობროს და სოფლის საამაყო ბიჭი, რომელიც თურმე ყველა სუფრაზე სამშობლოზე, სიყვარულსა და სიკეთეზე მღეროდა, აღარ არის.

წყარო: alia.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×