რეზონანსი
21.11.2022

კოსოვოსა და სერბეთს შორის ბრიუსელში ევროკავშირის შუამავლობით მანქანების სანომრე ნიშნების აკრძალვის საკითხზე გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ევროკავშირი მხარეებს შესაძლო ესკალაციისა და ძალადობის შესახებ აფრთხილებს.

როგორც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ბორელის ინფორმაციით, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ევროკავშირის ინიციატივა მიიღო, თუმცა მასზე უარი თქვა კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ.

„მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რომლებიც დილის 08:00 საათიდან გრძელდებოდა, ორი მხარე გამოსავალზე ვერ შეთანხმდა. ვფიქრობ, რომ არის დიდი პასუხისმგებლობა დღევანდელი მოლაპარაკებების ჩავარდნისთვის, ნებისმიერი ესკალაციისა და ძალადობისთვის, რომელიც შეიძლება, მოხდეს ადგილზე მომდევნო დღეებში. გამჭვირვალობისთვის, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ წარვადგინეთ შეთავაზება, რომელსაც შეეძლო სარისკო სიტუაციის თავიდან აცილება, რომელიც დღეს მიიღო პრეზიდენტმა ვუჩიჩმა და რომელზეც, სამწუხაროდ, უარი თქვა პრემიერ-მინისტრმა კურტიმ", - განაცხადა ბორელმა.

მისი თქმით, აცნობებს ევროკავშირის ქვეყნებს, რომ ორი ქვეყანა უპატივცემულობას იჩენს საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების მიმართ და აღნიშნა, რომ კოსოვოსა და სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვის გათვალისწინებით, ისინი შესაბამისად უნდა მოქმედებდნენ.

„სერბული მხარე იყო სრულიად კონსტრუქციული და ჩვენ მივიღეთ ტექსტები, რომლებიც შეიცვალა ათჯერ, თუმცა ალბანურ მხარეს არ სურდა არაფრის მიღება, ის მუდმივად ამატებდა რამეს, რაც აშკარად შეუძლებელი იყო", - განაცხადა ვუჩიჩმა მედიასთან.

თავის მხრივ, კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა სერბეთთან ურთიერთობების სრული ნორმალიზების აუცილებლობის შესახებ განაცხადა.

„ჩვენ ვერ ვიქნებით უპასუხისმგებლოები და ვერ დავტოვებთ უყურადღებოდ არსებით საკითხებს. ჩვენ ვერ ვიქცევით სახელმწიფო ლიდერებად, რომლებიც აგვარებენ მხოლოდ მანქანების სანომრე ნიშნების საკითხებს და არ საუბრობენ იმაზე, თუ როგორ მოხდეს მათი ურთიერთობების ნორმალიზება", - განაცხადა კურტიმ.

მიმდინარე წლის ზაფხულში კოსოვომ სერბული სანომრე ნიშნების მანქანების შესვლა აკრძალა, რასაც კოსოვოში მცხოვრები სერბების მხრიდან საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა. ვითარების დასტაბილურებისთვის, პრიშტინამ რეგულაციის ამოქმედება რამდენჯერმე დროებით გადადო. ამჟამად კოსოვოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ახალი წესი 22 ნოემბრიდან ამოქმედდება.

კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა ცნობს. მის დამოუკიდებლობას არ აღიარებს ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყანა, ასევე - რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა და საქართველო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×