რეზონანსი
11.11.2022

კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ - მმართველმა გუნდმა უკრაინული ვერსია, მისი ევროკავშირთან თავსებადობის გამო გადმოთარგმნა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პროექტი მეორე მოსმენით განიხილა. ავტორები ამბობენ, რომ კანონპროექტი ზუსტად განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც, ფიზიკური პირი ოლიგარქად მიიჩნევა.

კომიტეტის ოთახში დღეს ოპოზიციის ნაწილი არ იმყოფებოდა. ისინი, ვინც განხილვებში არ მონაწილეობენ, აცახადებენ, რომ ფარსში მონაწილეობა არ სურთ. ოპოზიციონერი დეპუტატების განმარტებით, "ქართული ოცნება" მხოლოდ ფასადურ ცვლილებებზე მუშაობს.

"პროცესმა კიდევ ერთხელ მოახდინა ოპოზიციის ლუსტრაცია" - ასე ფიქრობენ სახელისუფლებო გუნდში და ამბობენ, რომ ოპონენტების მთავარი მიზანი ქვეყნის ევროპულ გზაზე შეფერხებაა.

კანონპროექტის მიხედვით, ოლიგარქად მიიჩნევა პირი, თუ ის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს, ახდენს გავლენას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე და მისი აქტივები მილიონჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს. პროექტის შინაარსობრივი ნაწილი მიუღებელია ოპოზიციის იმ წარმომადგენლებისთვისაც, რომლებიც საკითხის განხილვაში აქტიურად არიან ჩართულები.

დეოლიგარქიზაცია ევროკომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საკვანძო პუნქტია. კანონპროექტის მოკლე დროში მიღება და ამოქმედება, როგორც მმართველ პარტიაში ამბობენ, კიდევ ერთხელ გამოხატავს სახელისუფლებო გუნდის პასუხისმგებლობას, შესრულდეს ნაკისრი ვალდებულებები. ოპოზიციის მცდელობის მიუხედავად, "ქართული ოცნების" წევრების თქმით, პროცესი არ შეფერხდება.

იმ შემთხვევაში, თუ პროექტი "დეოლიგარქიზაციის შესახებ" საბოლოო მხარდაჭერას მიიღებს და კანონი გახდება, ამოქმედებიდან 10 წლის გასვლისთანავე ძალას დაკარგავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×