რეზონანსი
08.11.2022

ევროპარლამენტარების მიერ მომზადებული ტექსტი მხარს უჭერს ქვეყნის გზას 12 რეკომენდაციის შესრულებისკენ,- ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში ცვლილებებს, რომელიც დღეს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტზე განიხილება.

ხათუნა სამნიძის თქმით, დოკუმენტის კომპრომისულ ვერსიაში საუბარი იქნება ნიკა გვარამიაზე, მიხეილ სააკაშვილზე, ქვეყანაში რუსული პროპაგანდის გაძლიერებაზე, პოლიტიკური ლიდერების დევნაზე. როგორც სამნიძემ აღნიშნა, ტექსტში ასევე იქნება ჩანაწერი ივანიშვილის გავლენებზე და ჩრდილოვან მმართველობაზე, თუმცა, არ აქვს ინფორმაცია, რომ კომპომისულ ვერსიაში სანქციები ნახსენები იქნება.

"ტექსტი, რომელიც განხილული იქნება ევროპარლამენტის კომიტეტზე არის მძიმე, კრიტიკით, ეხება ყველა საკითხს, რომელიც აქამდე განხილული იყო ჩვენი პარტნიორების მხრიდან, მაგრამ ის ამავე დროს არის საქართველოს მხარდამჭერი და მხარს უჭერს ქვეყნის გზას 12 რეკომენდაციის შესრულებისკენ. ამიტომ იმაზე ლაპარაკი წინასწარ ჩემი კოლეგებისგან, რომ მაინც ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს ვიდრე ეს ხელისუფლება მართავს ქვეყანას და ეს იქნება დაწერილი რეზოლუციაში, არის არასწორი და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. ტექსტი იქნება მკაცრი, არავინ აპირებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების არაადეკვატირად ასახვას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სპეკულაციურად უნდა შევაფასოთ ეს პროცესი. დოკუმენტში საუბარი იქნება 12 პუნქტის შესრულების აუცილებლობაზე, რომ უნდა შეწყდეს ქვეყანაში მტრული რიტორიკა, უნდა შევძლოთ დეპოლარიზაცია და ამისთვის მთავარი არის ხელისუფლების და ოპოზიციის ერთად მუშაობა 12 პუნქტის შესრულებისთვის. საუბარი იქნება პოლიტიკურ დევნაზე, პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, ნიკა გვარამიას პატიმრობასა და ასევე სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით საზღვარგარეთ გადაყვანაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე და უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე დღის წესრიგში იქნება კრიტიკა რაც დაიმსახურა ხელისუფლებამ უკრაინასთან მიმართებით, რომ ეს მეტია ვიდრე სიფრთხილე და უფრთხის სიმართლის ლაპარაკს რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით. რუსული პროპაგანდა რაც ქვეყანაში ძლიერდება იქნება ასევე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც უნდა იზრუნოს ხელისუფლებამ და ამ მიმართულებით ჩვენ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ, პირიქით - დეპუტატები პირდაპირ კრემლის გზავნილებს აჟღერებენ და ისინი წარმოადგენენ "ქართულ ოცნებას". საუბარი იქნება ასევე ბიძინა ივანიშვილზე, როგორც ერთ- ერთი დიდი გავლენის მქონე ჩრდილოვან მმართველზე ამ ქვეყანაში და პოლიტიკური ლიდერების პოლიტიკურ დევნაზე", - განაცხადა სამნიძემ.

ცნობისათვის, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი დღეს საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში ცვლილებებს განიხილავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×