რეზონანსი
07.11.2022

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე კვლავ ცეცხლი გახსნეს - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროების მიერ გავრცელებულ განცხადებებშია საუბარი.

აზერბაიჯანული უწყების ცნობით, 6 ნოემბერს 19:35 საათიდან 21:50 საათის ინტერვალში სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები იუხარი შორჟას დასახლების მიმართულებით საკუთარი პოზიციებიდან პერიოდულად უხსნიდნენ ცეცხლს ქალბაჯარის რაიონში განლაგებულ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს. სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიის დანაყოფებმა "შესაბამისი საპასუხო ზომები მიიღეს".

პარალელურად, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 6-7 ნოემბრის ღამეს, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სხვადასხვა კალიბრის იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სომხეთის საბრძოლო პოზიციებს. მათი ცნობით, სომხეთის მხარეს მსხვერპლი არ ყოფილა.

12-13 სექტემბერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სიტუაცია დაიძაბა - აზერბაიჯანი საზღვარზე სომხურ პოზიციებს არტილერიით ინტენსიურად ბომბავდა. ადგილობრივი მედიები წერდნენ, რომ ეს მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ყველაზე მწვავე კონფლიქტი იყო.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მხარეებმა 14 სექტემბერს მიაღწიეს, თუმცა გასულ დღეებში მომხდარ დაპირისპირებას ორივე მხარეს მსხვერპლი მოჰყვა. აზერბაიჯანული მხარე 77, ხოლო სომხეთი 135 სამხედროს დაღუპვის შესახებ იუწყებოდა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში მხარეებმა ერთმანეთი 29 სექტემბერსაც დაადანაშაულეს.

ოქტომბრის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერმინისტრმა სოჭში მოლაპარაკებები გამართეს - რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, შეხვედრაზე 2020 წლის 9 ნოემბრის, 11 იანვრის და 2021 წლის 26 ნოემბრის შეთანხმებების შესრულებაზე იმსჯელეს, რის შემდეგადაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

განცხადების თანახმად, სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები შეთანხმდნენ ძალის გამოუყენებლობაზე და პრობლემების სუვერენიტეტის აღიარების პრინციპის გათვალისწინებით მოგვარებაზე. პუტინმა, ფაშინიანმა და ალიევმა ხაზი გაუსვეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების დასადებლად აქტიური მზადების მნიშვნელობას და გამოხატეს მზადყოფნა ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის დადებული შეთანხმებების შესრულებაზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×