რეზონანსი
04.11.2022

3%-ზე მეტი რომ არ აგიღია არცერთ არჩევნებზე, როგორ შეიძლება მესამე ძალაზე ილაპარაკო?, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის" ეთერში „სტრატეგია აღმაშენებელზე" საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რეალობას თუ მოწყდები და ოცნებას დაიწყებ, ვერასოდეს მიაღწევ სასურველ შედეგს. ნინო ბურჯანაძის შეფასებით, „სტრატეგია აღმაშენებელმა", „დროამ" და „გირჩი-მეტი თავისუფლებამ" მოუმზადებელი იდეების გაჟღერებით „ოცნების" წისქვილზე დაასხა წყალი.

„პრეტენზია და ამბიცია ბევრი რამის შეიძლება გქონდეს, მაგრამ რეალობას თუ მოწყდები და ოცნებას დაიწყებ, ვერასოდეს მიაღწევ სასურველ შედეგს. 11% ორ არჩევნებზე ზედიზედ, ჩემი პარტიის გარდა, არ აუღია არცერთ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას" არ ვგულისხმობ, ცალკე თემაა, მაგრამ 11%-იც რომ მივიღე, მაშინაც არ მილაპარაკია, რომ მე ვარ მესამე ძალა და ალტერნატიული ძალა-მეთქი, რადგან ვაცნობიერებდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩემი 11% ყველა პარტიის პროცენტზე მეტი იყო, არ იყო საკმარისი ალტერნატიული ძალის შესაქმნელად. არ შეიძლება ასე ლაპარაკი, 3%-ზე მეტი რომ არ აგიღია არცერთ არჩევნებზე, როგორ შეიძლება მესამე ძალაზე ილაპარაკო? თან ვერავინ ვერ იტყვის, რომ გაგვიყალბეს არჩევნებიო, რადგან სხედან პარლამენტში", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ის დავით უსუფაშვილის მიერ გაჟღერებულ იდეასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში დიდი შანსია, რომ ოპოზიცია დაიშალოს და „ვეღარ აეწყოს".

„ჯერ დავიშალოთ, მერე ავიწყოთ, კარგით რა, მართლა. არ შეიძლება ასეთი იდეები ტელევიზორში გაახმოვანო. რატომ ახმოვანებენ ოპოზიციის წარმომადგენლები იდეებს ტელევიზიით მაშინ, როდესაც მეტ-ნაკლები კომუნიკაცია ყველას გვაქვს ერთმანეთთან, რა პრობლემაა? ვის ელაპარაკა „ლელო", როდესაც ეს იდეა გამოაცხადა? რომელ პარტიას ელაპარაკა? ეს არის პრობლემა, როდესაც სიურპრიზებია ყოველდღიურად ხან ერთი პარტიიდან, ხან მეორე პარტიიდან, ხან მესამე პარტიიდან. ჯერ პრაიმერიზის იდეა იყო, ახლა დავიშალოთ და მერე ავეწყოთო, რომ დავიშალოთ და ვეღარ ავეწყოთ, მერე რა ვქნათ? ოპოზიციას დიდი პოტენციალი აქვს იმისი, რომ ვერ აეწყოს და მარტივ მამრავლებად დაშლილი დარჩეს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×