რეზონანსი
01.11.2022

„ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, გამოკითხულთა მხოლოდ 3 პროცენტს მიაჩნია, რომ ოპოზიციის მიერ პარლამენტის დატოვება არის მიზანშეწონილი, ხოლო 97 პროცენტი ფიქრობს, რომ პარლამენტის საქმიანობა მნიშვნელოვანია.

მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტის დატოვებისკენ ვინც მოუწოდებს, მათ ახსნან,  რატომ უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება, რადგან ამომრჩეველთა აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია, რომ მის მიერ არჩეული დეპუტატი პარლამენტში უნდა საქმიანობდეს.

სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის დატოვებას დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების საგრძნობი გაუარესება მოჰყვება.

„მცდარია მოსაზრება, რომ ოპოზიცია პარლამენტში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ზის. ოპოზიცია პარლამენტში საკუთარ ამომრჩეველს წარმოადგენს. იმ ამომრჩეველს, რომლის აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია, რომ მის მიერ არჩეული დეპუტატი პარლამენტში უნდა საქმიანობდეს. ყველას ვურჩევ, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას გაეცნოს და ნახოს, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 3 პროცენტს მიაჩნია, რომ ოპოზიციის მიერ პარლამენტის დატოვება არის მიზანშეწონილი.  97 პროცენტს მიაჩნია, რომ პარლამენტის საქმიანობა მნიშვნელოვანია. ამიტომ, ვინმე, როცა ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს, უნდა ახსნას, რისთვის უნდა დატოვოს, რომლის ამომრჩევლის დაკვეთაც ეს არ არის. არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში, რომელშიც ვართ, გაუგებარია, პარლამენტის დატოვება რა შედეგს მოგვცემს.  მომავალში, რა თქმა უნდა, ვნახავთ, როგორ განვითარდება პროცესები და რა შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგან პოლიტიკურმა პარტიებმა, მაგრამ ყველა, ვინც მოუწოდებს, რომ დატოვონ პარტიებმა პარლამენტი უნდა ახსნან, რა შედეგები მოჰყვება ამას. შემიძლია, ჩემი შეფასება გითხრათ, რომ ამას დასავლელ პარტნიორებთან ოპოზიციის ურთიერთობების საგრძნობი გაუარესება მოჰყვება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×