რეზონანსი
01.11.2022

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს, რომ ქვეყანაში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ენმ-ში პასუხობენ. პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა ვერ გრძნობს ეკონომიკურ ზრდას თავის ჯიბეზე, რადგან მთავრობის განცხადებები მხოლოდ პოპულისტურია.

მელიას შეფასებით, ღარიბაშვილის განცხადებები არის ციფრებით ჟონგლიორობა, მანიპულირება და თვალებში ნაცრის შეყრა.

"მშპ-ის 1%-ით ზრდის შემთხვევაში, მაგალითად, ლუქსემბურგის ერთ მოქალაქეს სიმდიდრე გაეზრდება წელიწადში 1 200 დოლარით, მაშინ როცა საქართველოს მოქალაქეს გაეზრდება მხოლოდ 48 დოლარით. 2012 წელს ქვეყნის რეალური მშპ იყო 30 მილიარდი ლარი, 2022 წელს იქნება 45 მილიარდი ლარი.

ე.ი ქართული ოცნების მმართველობის ათწლიან პერიოდში ეკონომიკა რეალურად გაიზარდა მხოლოდ 15 მილიარდი ლარით, რაც ძალიან ცოტაა. საშუალო წლიური ზრდა „ოცნების” პერიოდში იყო მხოლოდ 4,1%.

ეკონომიკა რომ გაზრდილიყო საშუალოდ წლიურად 6,24%-ით მაშინ დღეს საქართველოს მოქალაქე იქნებოდა თითქმის 2-ჯერ უფრო მდიდარი, ვიდრე არის დღეს. 

მშპ ერთ სულ მოსახლეზე იქნებოდა დაახლოებით 18 000 ლარი ნაცვლად 11 ათასისა. საშუალო ხელფასი, რომელსაც დასაქმებულთა ნახევარზე მეტი დღეს საქართველოში იღებს, იქნებოდა არა 674 ლარი, არამედ 1500.

მომდევნო 3 წლის განმავლობაში ენერგეტიკაში 3 მილიარდი დოლარის ინვესტირება პრემიერმინისტრის მორიგი სიცრუეა. როცა ყველა დიდი პროექტები გაჩერებულია და ინვესტორები გაქცეულია ქვეყნიდან, ამ მასშტაბის ინვესტიციების განხორციელება დროის ამ მოკლე მონაკვეთში ფანტაზიის ჟანრს განეკუთვნება" განაცხადა ნიკა მელიამ.

9 თვეში, საქართველოში არის 10.2% ეკონომიკურ ზრდა, უპრეცედენტო მთელ ევროპაში - ამტკიცებს ღარიბაშვილი. მან ეს განცხადება გუშინდელი მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×