რეზონანსი
31.10.2022

ლევან იოსელიანი "სტრატეგია აღმაშენებლის", "დროასა" და "გირჩი - მეტი თავისუფლების" მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

"არ მომწონს ნიჰილიზმის დათესვა, არ მომწონს, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ ამ ქვეყნისგან მაინც არაფერი გამოვა, რომ არაფერს აზრი არ აქვს," - განაცხადა "მოქალაქეების" ლიდერმა.

იოსელიანის თქმით, შეუძლებელია, ვინმემ წინასწარ იცოდეს, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპული კომისია და შემდეგ, ევროპული საბჭო.

"ყველა ჩვენი ევროპელი პარტნიორი, ვინც საქართველოში შემოდის და ვისაც მე ვხვდები საზღვარგარეთ, ცალსახად გვეუბნება, რომ ყველა უნდა იყოს ჩართული პროცესში, რომელიც უნდა იყოს ინკლუზიური და რომლის შედეგიც უნდა იყოს კანდიდატის სტატუსის მიღება. არავინ იცის, რა იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპული კომისია და რა რეკომენდაციას წარუდგენს ის ევროპულ საბჭოს, რომელიც შემდეგ 27 წევრ ქვეყანას მიაწვდის თავის მოსაზრებებს. შეუძლებელია, ვინმემ წინასწარ იცოდეს, რა იქნება მათი გადაწყვეტილება, სულ მცირე იმ მიზეზით, რომ ეს 27 ქვეყნის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა და არა ცალკეული პოლიტიკოსების, როგორი განწყობაც არ უნდა ჰქონდეთ მათ კონკრეტული პროცესის მიმართ. არ მომწონს ნიჰილიზმის დათესვა, არ მომწონს, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ ამ ქვეყნისგან მაინც არაფერი გამოვა, რომ არაფერს აზრი არ აქვს. ასეთი დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტ ადამიანს უცრუებს იმედს, რის შედეგადაც ადამიანები თავშესაფრის ძებნას სხვა ქვეყნებში იწყებენ, ამით, რა თქმა უნდა ისევ ჩვენ ვზარალდებით და ზარალდება დემოკრატია, რომელიც ახალ საფეხურზე უნდა ავიდეს და ეს ახალი საფეხური უნდა იყოს დემოკრატიული წესით ხელისუფლების ცვლილება, ეს კი ძალიან რთული იქნება, თუ აქტიური ადამიანები, ახალგაზრდები ქვეყანას დატოვებენ და დარჩებიან მხოლოდ ბავშვები და პენსიონერები. ამიტომ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. ოპოზიციას უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა, რომ ერთი მხრივ, ითვალისწინებდნენ ჩვენი ევროპელი კოლეგების მთავარ რეკომენდაციას, რომ ერთობლივად ვიმუშაოთ ყველა საკითხზე, და მეორე, არ თესავდეს ქვეყანაში ნიჰილიზმს და უიმედობას" _ განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პარტიებმა ,,სტრატეგია აღმაშენებელი", "დროა" და "გირჩი - მეტი თავისუფლება" ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელეს და "ქართულ ოცნებას" 31 კითხვით მიმართეს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრიუსელში ფიქრობენ, რომ ,,ქართულ ოცნებაში" რეკომენდაციის შესრულების პოლიტიკური ნება არ არსებობს. მათივე განცხადებით, დიდი ალბათობით, საქართველო კანდიდატის სტატუსზე უარს მიიღებს. კითხვების დიდი ნაწილი სწორედ ამ საკითხს ეხება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×