რეზონანსი
31.10.2022

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კანონპროექტი ოპოზიციას მას შემდეგ აღარ მოსწონს, რაც აღმოაჩინეს, რომ კანონი სწორედ მათ დამფინანსებლებზე გავრცელდებოდა. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოლიგარქები სწორედ ოპოზიციის რიგებში არიან.

"ოპოზიციამ დაინახა, რომ ის პირები, ვინც აფინანსებენ შესაბამის ჯგუფებს, ფლობენ მედიასაშუალებებს, აქვთ ეკონომიკური აქტივობები, რომელიც ასეთი პირების დომინანტურ როლს წარმოაჩენს. სწორედ მათი დამფინანსებლები არიან და სწორედ მათზე გავრცელდება ეს კანონი. ამიტომ ისინი ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგით ხელმძღვანელობენ, რომ მათი დამფინანსებლები არ იყვნენ მიჩნეული ოლიგარქებად", - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, უკრაინული მოდელი ევროკომისიის მხრიდან დადებითად არის შეფასებული. პროექტი შემუშავებულია უკრაინის კანონის მაგალითზე და არსობრივად იმეორებს უკრაინული კანონმდებლობის ნორმებს.

"ეს პუნქტი გამოყენებულია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიერ სპეკულაციისთვის. ყველაზე ობიექტური საზომი იქნებოდა ის, რომ აგვეღო ისეთი მოდელი, რომელსაც ჩვენ კი არ შევქმნიდით, სადაც შეიძლებოდა გაჩენილიყო კითხვის ნიშნები, არამედ ჩვენ ობიექტური საზომი აგვეღო. ასეთ ობიექტურ საზომად არის მიჩნეული უკრაინული მოდელი. ამ მოდელთან მიმართებით ევროპულ სტრუქტურებს აქვთ პოზიტიური სწორება", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

დეოლიგარქიზაციის შესახებ პროექტი უკრაინის კანონის მაგალითზე შემუშავდა და უკრაინული კანონმდებლობის ნორმებს არსობრივად იმეორებს. კანონპროექტის თანახმად, პირი ოლიგარქია, თუ კრიტერიუმებიდან, სულ მცირე, სამს ერთდროულად აკმაყოფილებს. ანუ თუ ის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, თუ არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს, ასევე, თუ მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, დადგენილ საარსებო მინიმუმს მილიონჯერ აღემატება.

პარლამენტი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვას დღეს იწყებს. პროექტი უკრაინის კანონის მაგალითზე შემუშავდა და უკრაინული კანონმდებლობის ნორმებს არსობრივად იმეორებს. განსხვავება მხოლოდ სათაურსა და ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილებაშია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×