რეზონანსი
31.10.2022

სამოქალაქო ერთიანობისთვის მნიშვნელოვანია, საზოგადობის ყველა ჯგუფი ჩართული იყოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ამ კუთხით, განათლებაზე და სახელმწიფო ენის სწავლებაზე ხელმისაწვდომობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თემატური მოკვლევის საბოლოო ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, იმისთვის, რომ საზოგადოება იყოს მდგრადი, ერთიანი, ჰარმონიული, სწორედ ხელმისაწვდომობაა მდგრადობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ინსტრუმენტი.

ამასთან, შალვა პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი აქტიურია საპარლამენტო ზედამხედველობის ინსტრუმენტის გამოყენებაში. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია ის რეკომენდაციები, რომელიც თემატური მოკვლევის შედეგად იქნა წარმოდგენილი.

„ღრმა კვლევას ამიტომ აქვს მნიშვნელობა, რომ შემოწმდეს რამდენად მუშაობს პოლიტიკა, რომელიც პარლამენტს, განათლების სამინისტროს აქვს ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით, რა კორექტივებია საჭირო და რა მიგნებებია. მნიშვნელოვანია, რომ უკვე საპარლამენტო ზედამხედველობის ჭრილშიც, კომიტეტმა თვალყური მიადევნოს ამ რეკომენდაციების შესრულებას და ცხოვრებაში გატარებას და ჩვენ, ერთობლივად, პარლამენტმა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე ვიზრუნოთ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ნაყოფიერი მუშაობისთვის და ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს კვლევაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„კიდევ ერთხელ დიდი მადლობა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ნაყოფიერი მუშაობისთვის. განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს, რომ იძლევა შესაძლებლობას ასეთი თემის კვლევის დროს, რომ ეს არ იყოს მხოლოდ კაბინეტური მოკვლევა, არამედ კომიტეტის თემატური მოკვლევის შესაბამისი ჯგუფი ხვდებოდეს პროცესში ჩართულ პირებს, რათა ადგილზე გაეცნოს სხვადასხვა საკითხს, იქნება ეს სახელმწიფო ენის სწავლების საკითხი, თუ ზოგადად ხელმისაწვდომობა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×