რეზონანსი
21.10.2022

ჩვენ კიდევ ერთხელ მომსწრენი ვართ საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ გადადგმული არამეგობრული ნაბიჯის, - ასე შეაფასა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით საქართველოს ოთხი მოქალაქისთვის სანქციების დაწესება.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ვინაიდან საქართველო ომში არ ჩაერთო, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები შურისძიების გზაზე დგანან.

„ეს არის უკრაინის მიერ გამოცხადებული სასანქციო სია, რაც რეალურად, ნიშნავს, რომ სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მიმართ თავის არამეგობრულ პოლიტიკას ამჟღავნებს. ისინი პერიოდულად საქართველოს წინააღმდეგ ყოველგვარი არგუმენტის, ფაქტისა და ახსნა-განმარტების გარეშე დამაზიანებელ, მაკომპრომატირებელ განცხადებებს აკეთებენ, რომელთა უკან არანაირი კონკრეტული მტკიცებულება და არგუმენტი არ არის. ჩვენ კიდევ ერთხელ მომსწრენი ვართ საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ გადადგმული არამეგობრული ნაბიჯის. რატომღაც ეგონათ, რომ საქართველო არის მათი გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყანა, რომელიც მათი მოთხოვნისთანავე რუსეთის წინააღმდეგ ომში უნდა ჩართულიყო და აქ მეორე ფრონტი გახსნილიყო. ბუნებრივია, ეს სიგიჟეა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი არასდროს ხელს არ მოაწერს. აქედან გამომდინარე, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები შურისძიების გზაზე დგანან", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილმა ასევე შეაფასა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებაც, სადაც ის ამბობს: „ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების, მოლდოვის, სომხეთის გადარჩენა. ჩვენი ნაომარი ბიჭებისა და გოგოებისთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო პოსტსაბჭოთა სივრცეში".

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, არესტოვიჩი, არახამია, პოდოლიაკი, გონჩარენკო, დანილოვი და ერმაკი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული განცხადებებით არიან დაკავებული.

„ახლახან გავიგეთ უკრაინის ხელისფლების ლიდერის ბოლო განცხადებები, სადაც ტერმინებით „ნაში პაცანით" გვემუქრება, თუ როგორ ჩამოვა მილიონით ომისგან უმუშევრად დარჩენილი ადამიანი და საქართველოში წესრიგის დამყარებას დაიწყებს. მისი ლოგიკა ასეთია - ჯერ შედის ჯარი, ჯარს დიპლომატები მოჰყვებიან და დიპლომატებს მოჰყვებიან ინვესტორები. ანუ, ჩვენ ახალ იმპერიალისტებს ვიღებთ, როცა ჯერ შემოდიოდა რუსული ჩექმა, მას მოჰყვებოდა დიპლომატია, წესი და მერე რუსული აღმშენებლობა. ახლა არესტოვიჩეულ-უკრაინული გეგმა ეს არის. არ ვსაუბრობ მთელს უკრაინაზე. ქართველებო კარგად ვიცოდეთ, სლავა უკრაინა რა არის მებრძოლებისთვის და რა არის არესტოვიჩისთვის - აქ ძალიან მკვეთრი სხაობაა. ამ პროექტის მიერ არის საქართველოში მიხეილ სააკაშვილი გამოგზავნილი, როგორც დივერსანტი და რაკი, აღნიშნული პროექტი ვერ განხორციელდა, ახლა სადაც ხელი მიუწვდებათ, ცდილობენ, საკუთარი ჩავარდნილი რეზიდენტი გამოიხსნან. ეს ჯგუფი არის - არისტოვიჩი, არახამია, პოდოლიაკი, გონჩარენკო, დანილოვი, ერმაკი. ისინი, ვინც სისტემატურად საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული განცხადებებით არიან დაკავებული. ისინი არიან უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკური ისტებლიშმენტი. იმის ნაცვლად, რომ ერთი ნორმალური გზავნილი ყოფილიყო მათი მხრიდან საქართველოს მიმართ, ქვეყნის მიმართ ისმის მუქარა. ეს მუქარა არესტოვიჩის პირით საქართველოს წინააღმდეგ რუსული იმპერიალიზმის კალკირებითაა", - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×