რეზონანსი
18.10.2022

ესტონეთის პარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც გმობს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მცდელობას და რუსეთის რეჟიმს ტერორისტულად აღიარებს.

"ისტორიული დღე. ესტონეთის პარლამენტმა (რიიგიკოგუ) ახლახანს მიიღო რეზოლუცია, უკრაინის ტერიტორიის ანექსიის და რუსეთის რეჟიმის ტერორისტულად გამოცხადების შესახებ. მადლობა ჩვენს ესტონელ მეგობრებს.

რიიგიკოგუ აცხადებს რუსეთის რეჟიმს ტერორისტულად, ხოლო რუსეთის ფედერაციას ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ, რომლის ქმედებებს ერთობლივად, აუცილებლად უნდა დაუპირისპირდეს საერთაშორისო საზოგადოება," - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე დროს, ამ რეზოლუციით, რიიგიკოგუ მხარს უჭერს საერთაშორისო სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაწყებულ გამოძიებას უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით. ესტონეთი ითხოვს სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას, რომელიც აგრესიაზე პასუხისმგებელ პირებს გაასამართლებს.

გარდა ამისა, ამ დოკუმენტით ესტონეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რუსეთს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსის ჩამორთმევის მოთხოვნას და მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გამოიჩინონ ერთიანობა რუსეთის ფედერაციისა და მისი მოკავშირის, ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების საკითხში. ამასთან, რიიგიკოგუ მოუწოდებს დასავლელ პარტნიორებს მნიშვნელოვნად გაუზარდონ უკრაინას სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება.

ესტონეთის პარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირისა და NATO-ს წევრ ქვეყნებს გაიწვიონ ელჩები რუსეთიდან და დახურონ იქ ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობა, გარდა საელჩოებისა. ასევე არ მისცენ პოლიტიკური თავშესაფარი რუსეთის მოქალაქეებს და განდევნონ მობილიზაციისგან გაქცეული პირები.

13 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემდგომი ესკალაციის შესახებ, რომელშიც რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად აღიარა. რეზოლუციას 193-დან 143-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 5 წინააღმდეგი იყო, მათ შორის ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, ნიკარაგუა, სირია და რუსეთი, 35-მა ქვეყანამ კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×