რეზონანსი
17.10.2022

თურმე გენერალური პროკურორის არჩევისთვის 90 ხმაა საჭირო, ლოგიკა არ არის - მალე მივალთ იმ მოცემულობამდე, რომ ნებისმიერი კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება და 76 ხმა ვალიდური იქნება, თუ ოპოზიციური დეპუტატების 30 ხმა ექნება კანონპროექტს,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც გენერალური პროკურორის არჩევის წესის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი განიხილეს.

მისი თქმით, ოპოზიციის ზრახვები გასაგებია და საბოლოო სულისკვეთება ისაა, რომ კონკრეტული საკითხების გადაჭრის პარალიზება მოხდეს.

„ფინანსთა მინისტრი, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტის სწორად განკარგვაზეა პასუხისმგებელი; პირი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი; გენერალური აუდიტორი - ეს პირები 76 ხმით აირჩევიან და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება კონსტიტუციურ სამართლებრივად ყველგან მიჩნეულია სწორად, მაგრამ თურმე გენერალური პროკურორის არჩევისთვის საჭიროა 90 ხმა. ლოგიკა არ არის.

ეს მიმართულება საქართველოში აქტუალურია - მაგალითად, შემოთავაზებულია მოდელი, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სადაც 15 წევრია, 12 დადებითი ხმის შემთხვევაში, 3 თუ იტყვის, რომ ეს სწორი არაა, 3 უნდა იყოს საკმარისი რომ 12 ხმა გადაწონოს. ხუმრობით ვამბობ ხოლმე, თუმცა მთლად ხუმრობაც არაა - მალე მივალთ იმ მოცემულობამდე, რომ ნებისმიერი კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება და 76 ხმა ვალიდური იქნება, თუ ოპოზიციური დეპუტატების 30 ხმა ექნება კანონპროექტს - ეს ტრენდი იკვეთება. აქ ვიქნებით ყველა... ეს მოცემულობა დადგება, რომ საქართველოს კანონი მიღებულად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, რომ 76 ხმა იქნება არა უმრავლესობის ხმა, არამედ აქ აკუმულირებული უნდა იყოს 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ხმა, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი მიღებულად არ ჩაითვლება. ოპოზიციის ზრახვები გასაგებია - საბოლოო სულისკვეთება ისაა, რომ პარალიზება მოხდეს კონკრეტული საკითხების გადაჭრის",- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დღეს დაიწყო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა, რომელიც პარლამენტის მიერ გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევას ითვალისწინებს. კანონპროექტი 18 ოქტომბერს განსახილველად პლენარულ სხდომაზე გავა.

პროექტი უმრავლესობის დეპუტატების მიერ არის ინიცირებული და ზედმიწევნით იმეორებს გენერალური პროკურორის არჩევის ახალი წესის თაობაზე 2021 წლის 29 ივნისს ინიცირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის ტექსტს.

პროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით აირჩევს. იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს. სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა ერთი წელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×