რეზონანსი
15.10.2022

ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესზე ბასილაშვილის მეგობარ ქალს დაკითხავენ. დაცვის მხარის განცხადებით, ის იმ ინციდენტს შეესწრო, რომელიც ბასილაშვილის მშობლების სახლთან მაშინ მოხდა, როცა დოროყაშვილი შვილის წამოსაყვანად მივიდა.

ნელი დოროყაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ პირს იქ ყოფნის უფლება სოცმუშაკებისგან არ ჰქონდა.

"თვალყურს ვადევნებ პროცესებს, მიმდინარე პროცესებს ვესწრები. მე პირადად არ დამინახავს ეს გოგონა, არც ლუკასს არ დაუნახავს. ისევ ველოდები ტყუილების მორიგ სერიას, სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს იმის გააზრება არ აქვთ, რომ არიან სასამართლო პროცესზე, სასამართლო პროცესზე გჭირდება ფაქტები და არგუმენტები შენი სიმართლის დასამტკიცებლად და საინტერესოა, დღეს მოწმე რას ისაუბრებს. მეც ძალიან მაინტერესებს როგორ არის დარიგებული დაცვის მხარის მიერ და დღესაც ველოდები ტყუილების მორიგ სერიას. ნამდვილად არ ველოდებოდი მის იქ ყოფნას, რადგან ის სოცმუშაკისგან გაფრთხილებული იყო და მას იქ ყოფნა იმ სახლში ეკრძალებოდა", - განაცხადა დოროყაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახუთ 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×