რეზონანსი
14.10.2022

მოხარული ვიქნები, თუ გაერთიანდებიან და საბოლოო ჯამში, ერთი სახელი დაერქმევა ასე გაფანტულ პარტიებსა თუ პოლიტიკურ ჯგუფებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციური პარტიების ნაწილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რაც უფრო მალე გაერთიანდებიან, მით უფრო ნათელი იქნება საზოგადოებისთვის, რომ ერთ ჯგუფს წარმოადგენენ.

„სინამდვილეში, აქ არანაირი პარტიული მრავალფეროვნება არ არსებობს, ეს არის იდეოლოგიის, ერთი მისწრაფების მქონე პოლიტიკოსების ჯგუფი. ამიტომ, რაც უფრო მალე გაერთიანდებიან, მით უფრო ნათელი იქნება საზოგადოებისთვის, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ერთ ჯგუფთან, რომელიც გამოირჩევა რადიკალიზმით და მათთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ საკუთარი დღის წესრიგი, ძალაუფლება. ამას მხოლოდ მივესალმები.

კარგი იქნება, რაც უფრო გამსხვილდება ჯგუფები და გაერთიანებულს ვნახავთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა ისე წარმოაჩენენ, თითქოს ცალ-ცალკე პოლიტიკური ჯგუფები არიან. პარლამენტშიც უფრო ცხადი იქნება ძალთა გადანაწილება და ისიც, ვინ, რომელ პოლიტიკურ ჯგუფშია. დღეს რასაც ვხედავთ, მათ შორის ხშირ შემთხვევაში, პარლამენტშიც არის პოლიტიკური ფარსი - როცა სურთ, თავს წარმოაჩენენ ცალკე პარტიად და პოლიტიკურ ჯგუფად, ხან ისევ ერთად არიან ხოლმე. ამომრჩევლის წინაშე პატიოსნება მოითხოვს, რომ აჩვენონ ის ნამდვილი გაერთიანება, რომლის წევრებიც ისედაც არიან. ამას ყველა ხვდება და აღვიქვამთ. ამის ფორმალიზებას თუ მოვახდენთ, კარგი იქნება. ოპოზიციის რადიკალური ჯგუფი მხოლოდ იმით არის დაკავებული, რომ დააზიანონ საქართველოს ევროპული მომავალი და რაზეა საუბარი? - ადამიანები პირდაპირ ეწინააღმდეგებიან და ცდილობენ, 12 პუნქტის შესრულება ჩააგდონ. როცა სიტყვათა წყობას - ევროპულ მომავალს საერთოდ იყენებენ, თავად ირონიაა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×