რეზონანსი
14.10.2022

ეს არის ფაქტების სრული დამახინჯება. ფრჩხილებში არის მითითებული სააკაშვილის სახელი და გვარი, ძირითად ტექსტშიც არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რითაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია შეაფასა, სადაც მოითხოვენ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის საქმეების გადახედვასა და მათ გათავისუფლებას.

როგორც სამხარაძე განმარტავს, ეს გაგრძელებაა ევროპარლამენტის იმ ძველი რეზოლუციის, რომელშიც ფაქტობრივი უზუსტობები იყო დაშვებული.

„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ევროპის სახალხო პარტიის მხრიდან კეთდება ცვლილებები ბოლო მომენტში. ეს ცვლილებები ხშირად საერთოდ აცდენილია ფაქტებს. ადამიანი, რომლის სასამართლოც ახლა მიმდინარეობს საზღვრის უკანონოდ კვეთაზე, მთელმა ქვეყანამ იხილა, რომ საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა. ყველა საქმეს რომ თავი დავანებოთ, მარტო ამ ფაქტის გამო ვერ შერაცხავ ამ ადამიანს პოლიტიკურ პატიმრად. ეს არის ფაქტების სრული დამახინჯება. ასევე ის, რომ ნაჩქარევი იყო ეს შესწორება იქიდანაც ჩანს, რომ ფრჩხილებში არის მითითებული ეს სახელი და გვარი, ძირითად ტექსტშიც არ არის. გაგრძელებაა ევროპარლამენტის ძველი რეზოლუციის, რომელშიც ფაქტობრივი უზუსტობები იყო დაშვებული",- აღნიშნავს სამხარაძე.

კითხვაზე, თუ რამ განაპირობა, ის, რომ ფრჩხილებში არის მითითებული მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი და არა ძირითად ტექსტში, სამხარაძე განმარტავს, რომ ბოლო მომენტში მოხდა შესწორება, ინიციატორთა შორის კი არიან „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და ევროპის სახალხო პარტიის წევრები.

„ძირითად ტექსტში არ იყო ეს ნაწილი, ბოლო მომენტში მოხდა შესწორება, ინიცირება. ინიციატორთა შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, ასევე დელეგაციის და სახალხო პარტიის წევრები. ახალი და გასაკვირი არაფერია.

გაუგებარია, შეფარვით მცდელობები, რომ ზეგავლენა მოახდინონ, თუნდაც სასამართლოზე. ცოტა გადაჭარბებული რეაქციაა. საჭიროებს ჩვენი მხრიდან ადეკვატურ პასუხს. დარწმუნებული ვარ, საქართველოს დელეგაციას ევროპის საბჭოში ექნება შეხვედრა, თუნდაც ინიციატორებთან განიხილავენ ამ საკითხს",- აღნიშნავს სამხარაძე.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში პრეზიდენტ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების, მათ შორის უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეების განხილვასა და მათ გათავისუფლებას. ამის შესახებ აღნიშნულია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში - „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია", რომელიც ასამბლეამ გუშინ დაამტკიცა.

რეზოლუციაში, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია რუსეთის ფედერაციაში არსებულ რეპრესიულ გარემოზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×