რეზონანსი
14.10.2022

„გირჩის" წევრის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, ევროსაბჭოს რეზოლუცია მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი არა მხოლოდ შიდა, არამედ საგარეო პოლიტიკაზეც ახდენს გავლენას.

„ზოგადად, უკვე საკმაოდ შემაფერხებელი ფაქტორი გახდა დიდი ხანია და მგონი, ადრე თუ გვიან, პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, რომ ციხიდან გავიდეს და რაღაცნაირად, ეს დაძაბულობა დავასრულოთ. სააკაშვილი ვიდრე ციხეში იქნება, „ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ იყოს მოხსნილი. საბოლოო ჯამში, ეს ხელს გვიშლის, რადგან ფოკუსი სხვა თემებზე გადადის და დიპლომატიური რესურსი იხარჯება იმაზე, რომ შეიძლება ვიღაცამ რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილი ჩაწეროს და წინააღმდეგობა გაუწიოს, იმის ნაცვლად, რომ თუნდაც, ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვისაუბროთ. იმედი მაქვს, ამ საკითხს მოვაგვარებთ", - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზეც არის საუბარი. კერძოდ კი, აღნიშნულია:

„ასამბლეა ასევე მოუწოდებს, გადაიხედოს სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეები, რომლებიც პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ გამოდიან რუსეთში და სხვა ქვეყნებში და გათავისუფლდნენ ისინი (მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის მოქალაქე და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი)", - ნათქვამია რეზოლუციაში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია 13 ოქტომბერს დაამტკიცა, რომელშიც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად არის გამოცხადებული. ასამბლეა ასევე მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×