რეზონანსი
14.10.2022

ვაკის პარკის მთავარი მებაღე დევი მეზურნიშვილი, რომელმაც შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ორი მოზარდი გამოიყვანა, შემთხვევის დეტალებზე საუბრობს.

როგორც მან განაცხადა, ბავშვები შადრევანში ჩაძირული და უგონო მდგომარეობაში იყვნენ, ორის გამოყვანა შეძლო, თუმცა ვინაიდან დენი მასზეც გადადიოდა, 13 წლის მარიტა მეფარიშვილის დახმარება ვერ მოასწრო.

„ხალხი ითხოვდა დახმარებას და თვითონ ბავშვებიც, ბავშვები აუზიდან ვერ გამოდიანო, იძახდნენ. იმ ტერიტორიაზე ვიყავი, ხმაური რომ გავიგე, გამოვიქეცი, ბავშვები იხრჩობიანო, ასეთ რაღაცას ყვიროდნენ, მოვირბინე და აუზში ჩავედი, დავინახე, რომ შიგნით სამი ბავშვი იყო ჩაძირული, მათ გამოყვანას შევეცადე, რაც შემეძლო, გავაკეთე.

როცა ჩავედი, ერთი ახლოს იყო აუზში, რომ მივუახლოვდი, დენი იგრძნობოდა, მაინც მივედი, დავინახე, რომ ორი ბავშვი კიდევ იყო შიგნით ჩაძირული. მაინც შევძელი მეორესთან მიახლოება და გამოვიყვანე ისიც, ისევ შევრბუნდი, მესამესთან ვეღარ შევდიოდი, ძირში იყო და ძალიან ძლიერი დენი იყო, მეც მაკავებდა, მაქცევდა, ამ დროში შადრევანიც გაითიშა. სანამ ის ორი ბავშვი გამოვიყვანე, დაგვიანდა მისი გამოყვანა, დენის გამო შესვლა მიჭირდა, მერე შადრევანიც გაითიშა, მაგრამ დრო დაიკარგა. ბავშვები ჩაძირული და უგონო მდგომარეობაში იყვნენ. როცა გამოვიყვანე, აქ დავაწვინეთ და ყველა მის გადარჩენას ცდილობდა, თითქოს, ჩანდა, რომ გადარჩებოდა... არ სუნთქავდა, უგონოდ იყო, არც ის ბიჭი სუნთქავდა, ისიც ასე იყო, როცა გამოვიყვანე, მესამე ბავშვი ოდნავ თავს ამოძრავებდა. პირველადი დახმარება გავუწიე, ყველა მოცვივდა, ყველა ცდილობდა დახმარებას, რომ როგორმე ამ ბავშვებს ამოესუნთქათ, სასწრაფოც მალევე მოვიდა.

იმ დილით არავინ დამინახავს, რომ შიგნით ჩასულიყო, ეს ბავშვებიც უცბად საიდან შემოვიდნენ და შიგნით რატომ ჩავიდნენ, წარმოდგენა არ მაქვს. წინა წლებში, როცა შადრევნები მუშაობდა, ყველა შედიოდა, ჭყუმპალაობდა", - განაცხადა მეზურნიშვილმა „ინტერპრესნიუსთან".

13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×