რეზონანსი
12.10.2022

ბურთი ევროკავშირის მოედანზეა, თუ სურთ, უბრალოდ მოუშვან ონკანი, ჩვენ არავის ვზღუდავთ. მზად ვართ, შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში დამატებითი მოცულობა მივაწოდოთ, - ამის შესახებ რუსეთის ენერგეტიკულ კვირეულზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინის განცხადებით, „მსოფლიო ეკონომიკა მწვავე კრიზისს განიცდის, რაც ბაზრის იმ ცალკეული მოთამაშეების მხრიდან ძირგამომხთრელ საქმიანობასაც უკავშირდება, რომლებიც მხოლოდ საკუთარი გეოპოლიტიკური ამბიციებით ხელმძღვანელობენ, ასევე, მიმართავენ ბაზარზე დისკრიმინაციას და თუ ეს არ გამოდის, პირდაპირ ანადგურებენ კონკურენტების ინფრასტრუქტურას".

„ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს "ჩრდილოეთ ნაკად 1"-და და „ჩრდილოეთ ნაკად 2"-ზე დივერსია. ეჭვგარეშეა, ეს არის საერთაშორისო ტერორიზმის აქტი, რომლის მიზანია მთელი კონტინენტის ენერგოუსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრა და იაფი ენერგიის წყაროების ბლოკირება, მილიონობით ადამიანის და მეწარმის გაზის, სითბოს, ელექტროენერგიის და სხვა რესურსების გარეშე დატოვება, მათი იძულება, ეს ყველაფერი უფრო მაღალ ფასად იყიდონ. თავდასხმა „ჩრდილოეთ ნაკადის" გაზსადენებზე გახდა ყველაზე საშიში პრეცედენტი. ის აჩვენებს, რომ ახლა საფრთხის ქვეშ არის სატრანსპორტო, ენერგეტიკული ან კომუნალური ინფრასტრუქტურის ნებისმიერი კრიტიკული ობიექტი, განურჩევლად იმისა, თუ მსოფლიოს რომელ კუთხეში მდებარეობს ის, ვის მიერ არის მართული, გადის ის ზღვის ფსკერზე თუ ხმელეთზე", - განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, ამას ადასტურებს ყირიმის ხიდზე განხორციელებული ტერაქტიც, რომელიც, მისი თქმით, უკრაინულმა სპეცსამსახურებმა განახორციელეს.

„უკვე ვთქვი, რომ კიევის რეჟიმი დიდი ხანია, იყენებს ტერორისტულ მეთოდებს, ორგანიზებას უწევს პოლიტიკურ მკვლელობებს, ეთნიკურ წმენდას, შემდეგ თავადვე აქვეყნებენ ინტერნეტში, აცნობიერებენ, რომ ეს შეცდომაა და ეგრევე შლიან. თუმცა, ქსელში ყველაფერი რჩება. არ ჩერდებიან ატომური ტერორიზმის წინაშეც, ვგულისხმობ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის ცეცხლის გახსნას და რუსეთის კურსკის ატომური სადგურის გარშემო ტერაქტების განხორციელებას. ამავე რიგშია გაზსადენ „თურქული ნაკადისთვის" ძირის გამოთხრის მცდელობებიც", - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, „ჩრდილოეთ ნაკადის" წინააღმდეგ დივერსიების უკან აშკარად დგას ის, ვინც მიისწრაფის რუსეთისა და ევროკავშირის კავშირების საბოლოდ გაწყვეტისკენ, ევროპის პოლიტიკური სუბიექტურობის საბოლოოდ მოკვლისკენ, მისი სამეწარმეო პოტენციალის შესუსტებისკენ, ბაზრის ხელში ჩაგდებისკენ".

„ისედაც გასაგებია, ვინ არის სარგებლის მიმღები და ბენეფიციარი. ვფიქრობ, აქ დეტალებში შესვლა არ არის საჭირო. ყველაფერი გასაგებია, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და ვინ არის სარგებლის მიმღები. ახლა შესაძლებელია აშშ-დან ბუნებრივი გათხევადებული აირის ევროპისთვის უფრო დიდი მასშტაბებით თავს მოხვევა, რომელიც აშკარად ჩამორჩება კონკურენტუნარიანობით მილსადენებით მიწოდებულ რუსულ გაზს, რადგან ამერიკული გათხევადებული გაზის ფასი გაცილებით მაღალია. ეს ყველასთვის ადრეც იყო ცნობილი და ახლა მით უმეტეს", - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მაღალი ფასის გარდა, გათხევადებული აირის მიწოდება ძალიან არასტაბილურია და შეიძლება, მსოფლიოს სხვა რეგიონებში გადამისამართდეს, თუ სხვაგან უფრო მაღალი ფასი იქნება შეთავაზებული.

„სხვათა შორის, ჩვენ ეს გვინახავს ცოტა ხნის წინ, როდესაც ამერიკული ტანკერები, რომლებსაც გათხევადებული აირი ევროპაში მიჰქონდათ, შუა გზიდან ბრუნდებოდნენ და დანიშნულების პუნქტს ცვლიდნენ, რადგან გამყიდველებს უფრო მაღალ ფასს სთავაზობდნენ სხვა ადგილას. ამავე დროს, ევროპელი მყიდველების ინტერესები უგულებელყოფილი იყო. მინდა, ასევე შეგახსენოთ, ვინ მოვიდა მაშინ ევროპის საშველად და ევროპულ ბაზარზე გაზის დამატებითი მოცულობა გაგზავნა - რუსეთი, თუმცა ამ ქვეყნების ხელმძღვანელები ამჯობინებენ, ეს არ გაიხსენონ და პირიქით, გვაყვედრიან არასაიმედოობას. ჩვენ ვამბობთ უარს მიწოდებაზე? ჩვენ მზად ვართ, მივაწოდოთ და ვაწვდით კონტრაქტების ფარგლებში სრულ მოცულობას", - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, „ჩრდილოეთ ნაკადს" არ აქვს პოლიტიკური ქვეტექსტი და მხოლოდ კომერციული პროექტია. „ბურთი ევროკავშირის მოედანზეა, თუ სურთ, უბრალოდ მოუშვან ონკანი, ჩვენ არავის ვზღუდავთ. მზად ვართ, შემოდგომის და ზამთრის პერიოდში დამატებითი მოცულობა მივაწოდოთ", - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც ნავთობის ფასზე შეზღუდვებს დააწესებენ, რუსეთი ენერგორესურსებს არ გაუგზავნის. „ჩვენ ჩვენს საზიანოდ არ ვიმოქმედებთ", - აღნიშნა პუტინმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×