რეზონანსი
12.10.2022

ყირიმის ხიდის აფეტქების საქმეში ახალი დეტალები იკვეთება. როგორც რუსეთის აგრესიის მხილების მიზნით შექმნილი ვოლონტერული პროექტი "ინფორმნაპალმი" წერს, ყირიმის ხიდზე აფეთქების დროს ტრაილერში არანაირი ასაფეთქებელი მოწყობილობა არ ყოფილა. 

"იცით, რატომ არ გამოჩნდა რენტგენზე ასაფეთქებელი მოწყობილობა? იმიტომ რომ ის ტრაილერში არ ყოფილა. ტრაილერის აფეთქების ვერსიას მიზანმიმართულად სწორედ ФСБ ავრცელებს, რათა თვითონ ამ უწყებაზე არ გავიდეს დამოუკიდებელი გამოძიება.

ამიტომაც ჩანს კადრების ეტაპობრივი დანაწევრების დროს, რომ ტრაილერი კი არ აფეთქდა, აფეთქების ტალღაში მოყვა. ამასთან, ტრაილერის აფეთქების ვერსია ვერანაირად ვერ ხსნის, რატომ ჩაინგრა ხიდის საავტომობილო ესტაკადა ორ, სხვადასხვა ადგილას", - განაცხადეს საერთაშორისო სადაზვერვო საზოგადოება "ინფორმნაპალმში".

მათივე თქმით, განსხვავებაა ვიდეოზე ნაჩვენები ტრაილერისა და ფოტოზე გამოსახული ტრაილერის საბურავების რაოდენობებს შორისაც, რაც აჩენს ეჭვს, რომ ტრაილერები სხვადასხვაა.

შეგახსენებთ, რომ გამოძიების მიხედვით, ტერაქტში ორი ტრაილერი მონაწილეობდა.

გამოძიების ვერსიით, პირველმა მანქანამ, ქართული სახელმწიფო ნომრებით, ტვირთი ბულგარეთიდან ფოთის პორტში ჩაიტანა, საიდანაც მანქანა სომხეთში გადავიდა და ტვირთი განბაჟდა.

საერთო ჯამში მანქანაში 22 ე.წ. "პოდონი" და 9 ხვეული იყო. ასაფეთქებელი მოწყობილობა ისე იყო დამალული, რომ რენტგენის მოწყობილობას ვერ უნდა გამოევლინა.

ამის შემდეგ კი მანქანა სომხეთიდან საქართველოში დაბრუნდა და რუსეთის საზღვარი ზემო ლარსთან გადაკვეთა, ჩავიდა არმავირში, სადაც ტვირთი დაცალა და დაბრუნდა საქართველოში. არმავირიდან მეორე ტრაილერმა დაიტვირთა და სწორედ ეს მანქანა აფეთქდა ყირიმის ხიდზე.

ოფიციალური მონაცემებით, ტერაქტის დროს ყირიმის ხიდზე 5 ადამიანი დაიღუპა - მანქანაში მსხდომები, რომლებიც ტრაილერთან ახლოს მოძრაობდნენ. დაღუპულთაგან ორი ოჯახური წყვილია.

დივერსიულ-ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა უკრაინას არ აუღია, ქვეყნის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ყირიმის ხიდის აფეთქება რუსეთში, ძალოვან სტრუქტურებს შორის გავლენების გადანაწილების შედეგია.

ФСБ-მ გამოაქვეყნა გამოძიების დეტალები ყირიმის ხიდზე მომხდარი დივერსიულ-ტერორისტული აქტის შესახებ და მის მოწყობასა და ორგანიზებაში უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი დაადანაშაულა. უკრაინის დაზვერვამ ეს ბრალდება ოფიციალურად უარყო.

ამასთან, დასახელებული არიან სხვადასხვა რგოლში და სხვადასხვა ეტაპზე ამ ტერაქტის მონაწილეებიც, რომელთა შორისაც საქართველოს მოქალაქე, ვინმე სანდრო ინასარიოძე და ბროკერი "ლევანი" ფიგურირებენ. დასახელებული არიან ასევე, სამი უკრაინისა და ერთი - სომხეთის მოქალაქეები.

წყარო: "ალფა სიხშირე"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×