რეზონანსი
12.10.2022

ფინანსთა მინისტრის მოადგილე რუსული სპეცსამსახურების ბრალდებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს საქართველოს საბაჟო საზღვარი არ გაუვლია. ამის შესახებ გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

"ზოგ შემთხვევაში პოლიტიკოსებისგან, ზოგ შემთხვევაში სპეცსამსახურებისგან ისმის რაღაც ბრალდებები, რომლის უკანაც არ დგას არანაირი დასაბუთება. ყოველთვის ვიღაცას შეუძლია, ვიღაცა რაღაც დააბრალოს, თუ ამის უკან არგუმენტი არ იქნება, ეს დაბრალება იქნება წამოროშილი სიტყვა და არაფერი უკან მდგომი. არ გაუვლია საბაჟო საზღვარი არც ტროტილით დატვირთულ და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს. არ მაქვს არანაირი ვალდებულება, თავი ვიმართლო ვინმეს წინაშე. თუ ვინმე არგუმენტირებულად დაასაბუთებს, რომ სახელმწიფო საზღვარი გაიარა, მაგ შემთხვევაში გამოძიებაც დაიწყება და პასუხისმგებელი პირებიც იქნებიან", - თქვა კაკაურიძემ.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (FSB) აცხადებს, რომ ყირიმის ხიდზე "ტერორისტული აფეთქების" სქემა და მასში მონაწილეები ამოიცნო. FSB-ის თქმით, ხიდის აფეთქებაში საქართველოს, უკრაინის, რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეები მონაწილეობდნენ.

რუსეთის ცნობით, უკვე ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს 8 ადამიანი, მათგან 5 რუსეთის მოქალაქეა, 3 უკრაინის.

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის თქმით, ყირიმის ხიდზე ტერორისტული თავდასხმის ორგანიზატორი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დირექტორატის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, მისი თანამშრომლები და აგენტები იყვნენ.

უწყების თქმით, ფეთქებადი მოწყობილობა დამალული იყო სამშენებლო პოლიეთილენის რულონებში, რომლებიც 22 ფირფიტაზე იყო განაწილებული და ჯამში 22 700 კილოგრამს იწონიდა.

FSB აღწერს იმ გზას, რომელიც, მათი თქმით, ტვირთმა გაიარა, ვიდრე ყირიმის ხიდზე აფეთქდებოდა.

რუსეთის თქმით, ტვირთის გადაადგილების სრულ მარშრუტს უკრაინის თავდაცვის უწყება აკონტრლებდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×