რეზონანსი
07.10.2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ლომჯარიას მიმართა, რომ რაც უფრო კარგ ზედამხედველობას გაწევს, ამით შეასრულებს თავის ვალდებულებას ევროპულ ინტეგრაციაში.

ამასთან, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საზოგადოება ხედავს, საქართველოს მთავრობა და პარლამენტი ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით რას აკეთებს და შესაბამისი დასკვნები გამოაქვს.

„ქალბატონო ნინო, ვინაიდან თქვენ დღესაც აღნიშნეთ და სხვა დროსაც გიხსენებიათ, აპელირებთ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლზე, რომ ის გავალდებულებთ, გააკეთოთ ყველაფერი, მიიღოთ ყველა ზომა ინტეგრაციისთვის. აქ თქვენ მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან მონაკვეთს ტოვებთ. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ამბობს, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ვფიქრობ, აქ მნიშვნელოვანი პასაჟი არის - თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში.

სახალხო დამცველის უფლებამოსილება შეეხება ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას და არა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ტაქტიკის, ინსტრუმენტების და ასე შემდეგ გამოყენების საკითხებს. ვინაიდან თქვენ ისაუბრეთ და დათვალეთ რამდენჯერ ვინ ვის შეხვდა ან არ შეხვდა, ეს არ გახლავთ თქვენი უფლებამოსილება. ამიტომ, ჩემი აზრით, ეს არ არის საკითხი, რომელიც პარლამენტის ტრიბუნიდან ან თქვენი ანგარიშიდან უნდა გაჟღერებულიყო.

საქართველოს როგორც მთავრობა, ისე პარლამენტი ამ საკითხთან დაკავშირებით რასაც აკეთებს, ხედავს საზოგადოება და შესაბამისი დასკვნები გამოაქვს. რაც შეეხება სახალხო დამცველის თუ სხვა კონსტიტუციური ორგანოების ვალდებულებას ევროინტეგრაციის კუთხით, ეს შეეხება უფლებამოსილების ფარგლებში. კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ეს ვალდებულება არის. თქვენი უფლებამოსილება არის ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ზედამხედველობა. რაც უფრო კარგ ზედამხედველობას გაწევთ, ამით შეასრულებთ თქვენს ვალდებულებას ევროპულ ინტეგრაციაში. ეს დაზუსტებისთვის, ვინაიდან სხვა დროსაც არაერთხელ ხდება ხოლმე აპელირება 78-ე მუხლზე, თითქოს ყველა კონსტიტუციური ორგანო ახლა ელჩის და საგარეო საქმეთა მინისტრის ფუქნციებით უნდა იყოს აღჭურვილი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მანამდე, პლენარულ სხდომაზე ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისგან, პარლამენტისგან ბრიუსელს არ მიუღია მკაფიო გზავნილები, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება სურს.

„საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე რამდენჯერ შეხვდით ევროკავშირის ელჩს? დეპუტატებს რამდენი სამუშაო შეხვედრა გქონდათ? ევროკავშირის რამდენ წევრ ქვეყანაში წავიდა პარლამენტის დელეგაცია? პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის რამდენი წევრი ქვეყნის ხელმძღვანელს შეხვდა და სთხოვა, სტატუსი მოენიჭებინათ? როდესაც სტრასბურგში ჩავედი და სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებს შევხვდი, გარდა იმისა, რომ იყო პრობლემები დემოკრატიული რეფორმების კუთხით, მთავარი, რასაც ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან ელოდნენ, იყო ის, რომ მიეღოთ მკაფიო პოლიტიკური გზავნილი - ჩვენ ეს სტატუსი გვინდა და მზად ვართ, შევასრულოთ ყველა დავალება, რასაც ევროკავშირი მოგვცემდა სტატუსის მისაღებად. სამწუხაროდ, ბრიუსელს საქართველოს ხელისუფლებისგან, პარლამენტისგან ასეთი გზავნილები არ მიუღია. ასეთია ობიექტური რეალობა", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×