რეზონანსი
27.09.2022

ბოლო პერიოდში გამქირავებლები წუხან ბინის ქირის არ გადახდის გამო, ვერც ბინიდან ასახლებენ მდგმურებს. არადა, საქართველოში ბევრი ადამიანი სწორედ ამ გზით მიღებული შემოსავლით ცხოვრობს, ბევრი მათგანი სახელმწიფოს წინაშეც პირნათელია და მოგების გადასახადსაც პატიოსნად იხდის.

პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა, რაც კანონი შეიცვალა და დღეს, როცა ბინის მფლობელი დახმარებისთვის პოლიციას მიმართავს, მას სასამართლოში ამისამართებენ, სადაც საქმის წარმოება შესაძლებელია წლობით გაგრძელდეს. ცნობილია ისიც, რომ ასეთი დავების დროს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება და სხვა ინსტანციებისთვის ლოდინი საჭირო არ არის, მაგრამ მხოლოდ ერთმა ინსტანციამ საქმე რომ განიხილოს, ამას მინიმუმ ერთი წელი სჭირდება, ამ პერიოდში კი ბინაში არაკეთილსინდიერი ადამიანი თავისუფლად ცხოვრობს. მართალია, ამ შემთხვევაში კანონი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასაც ითვალისწინებს, მაგრამ თუ დამქირავებელს ქონება საერთოდ არ გააჩნია, სასამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად, თანხის ამოღება მისგან ვერ მოხდება.

ბინის მესაკუთრეებს ადვოკატი გიგი სისვაძე უხსნის სასამართლოს გვერდის ავლით როგორ შეძლებენ გამოასახლონ ბინიდან არაკეთილსინდისიერი მდგმურები:

"ჩვენ მივმართავთ რამდენიმე ხერხს, რომ ეს უკანონობა მყისიერად და ეფექტიანად აღმოიფხვრას, პრობლემა სასამართლოს გარეშე მოგვარდეს. 2016 წლის პირველ მარტს შს მინისტრმა გამოსცა 75-ე ბრძანება და დაამტკიცა წესი, რაც ეხება "საცხოვრებელი სახლიდან ან ბინიდან, ან სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელის და მასთან მყოფი პირების გამოსახლება-გამოყვანას". ეს წესი განსაზღვრავს მართლზომიერი მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების პროცედურებს. ბინის მფლობელის უფლების დარღვევა ისჯება საქართველოს სს კოდექსის 160-ე მუხლით. ამ მუხლის ფარგლებში პოლიციაში სპეციალური განაცხადი ივსება. მართლზომიერმა მფლობელმა განცხადება უნდა წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ ტერიტორიულ ორგანოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც არის განთავსებული თავის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ქონება. უნდა მიუთითოს გვარი, სახელი და პირადი ნომერი, საკონტაქტო მონაცემები, იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი სახელწოდება, მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი, საკონტაქტო მონაცემები, სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსა და მუნიციპალიტეტის შემთხვევაში – მისი ზუსტი სახელწოდება, უკანონო მფლობელობაში არსებული ქონების ზუსტი ადგილმდებარეობა, მოთხოვნის შინაარსი; თუ უკანონო მფლობელის შესახებ ფლობს ინფორმაციას, ესეც უნდა მიუთითოს და განცხადებას დაურთოს მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო უძრავი ქონების შემთხვევაში აგრეთვე – საკადასტრო რუკა, საკადასტრო გეგმა ან/და საინვენტარიზაციო გეგმა... 5 დღის ვადაში პოლიცია იღებს გადაწყვეტილებას. ბინაში უკანონოდ მყოფ პირს გამოსახლებისთვის აძლევს 5 დღის ვადას და თუ ამ დროში არ გამოვა, მაშინ პოლიციას უფლება აქვს გამოიყენოს ძალა და გამოასახლოს ისინი. ეს მეთოდი პირდაპირ არის გაწერილი ბრძანებულებით და სასამართლოზე ბევრად ეფექტურია, რადგან სასამართლო დავა რომ დასრულდეს, მინიმუმ ერთწლიანი პერიოდი სჭირდება. ეს პროცესი დროში გაიწელება, რაც მომაკვდინებელია ფართobის მესაკუთრეებისთვის. ამიტომ ჩვენ პრაქტიკაში ამ ბრძანებას ვიყენებთ და გამოსახლებას ვითხოვთ. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, თბილისში არსებული პოლიციის სამმართველოები მინისტრის ამ ბრძანებას არ იცნობენ. ვერ ხვდებიან, ამ დროს რა უნდა გააკეთონ და როცა უთითებ კონკრეტულ ბრძანებაზე, ეს მათთვის სიახლეა და გეუბნებიან, - წადი სასამართლოში, იქ გადაწყვიტე ეს დავაო. თუ იურისტი იმარჯვებს, მიუტანს ბრძანებას, გაუხაზავს და აჩვენებს რა წერია, მაშინ პოლიცია იწყებს სპეციალურ ღონისძიებებს, რომელიც რეგულირებულია გამოსახლებასთან დაკავშირებით ამ ბრძანებით.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ: სამოქალაქო კოდექსში წერია, რომ მესაკუთრე, როგორც ბინის მფლობელი და უძრავი ქონებით მოსარგებლე, ვალდებულია დაიცვას მისი კუთვნილი ქონება ნებისმიერი მესამე პირისგან. ასე რომ, ჩვენ მაგალითად, ველოდებით, როდის გამოვა ბინიდან არაკეთილსინდისიერი პირი ან ვქმნით რაღაც გარემოებას, რომ ის როგორმე გამოვიდეს და მოულოდნელად ვახდენთ ბინაში შესვლას, აღწერას იქ არსებული ნივთების, ამის ვიდეოკამერაზე დაფიქსირებით, დასურათებით და მისი ნივთები გაგვაქვს გარეთ, ეს ობიექტი აგვყავს კერძო დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ.

ვიდეოგადაღებას უწყვეტ რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს, კადრი არ უნდა წყდებოდეს. ან შეიძლება ამ დროს გამოიყენო კერძო დაცვის თანამშრომელი, რომელსაც უკეთია სამხრე კამერები და მან გადაიღოს მთლიანი პროცესი, რომ მერე ვიღაცამ არ თქვას, მაგალითად, სახლში ნახევარი კილო ოქრო მქონდაო. სპეციალური დაცვის სამსახურს ვიყენებთ და მერე ობიექტი დგება მათი მეთვალყურეობის ქვეშ. ამის შემდეგ ვურეკავთ ნივთების პატრონს და ვაფრთხილებთ, რომ ყველაფერი გამოტანილია ბინიდან და ვაძლევთ ვადას, წაიღოს თავისი ნივთები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი დაკარგვისგან და დაზიანებისგან პასუხისმგებლობას ვიხსნი.

როგორც წესი, ეს ფუნქცია პოლიციამ უნდა შეითავსოს და მასობრივად, პრაქტიკაში უნდა იმუშაოს ამ ბრძანებამ. ჩვენ გამონაკლის შემთხვევებში ამ ხერხისთვისაც მიგვიმართავს. არასასიამოვნოა გამოსახლების პროცესი. თუ სამევახშეო საქმიანობას უკავშირდება, ასეთ პროცესში არ ვმონაწილეობთ, მაგრამ თუ ეს დაკავშირებულია საიჯარო ურთიერთობებთან, როდესაც ადამიანები არაკეთილსინდისიერად იყენებენ კანონს, არ იხდიან ქირას, არ გამოდიან, მაშინ ვმოქმედებთ ამ გზებით, რაც ეფექტურად მუშაობს. სასამართლოსთვის მიმართვა არის უკიდურესი გამოსავალი, რადგან ეს დროში გაწელილი პროცესია", - განაცხადა ადვოკატმა.

ჟურნალი "გზა"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×