ირანში საპროტესტო აქციაზე დაღუპულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა. აქცია ქვეყნის 31 პროვინციაში უკვე ერთი
კვირაა მიმდინარეობს. პროტესტი 22 წლის უფლებადამცველი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა, ის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების კანონის დარღვევის გამო დააკავა.
შაბათის მონაცემებით, სულ მცირე 1 200 ადამიანი დააკავეს საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით.
ირანის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ ზომებს მიიღებს და საპროტესტო აქციებს "გადამწყვეტად გაუმკლავდება".
შეტაკებები რამდენიმე ქალაქში გრძელდება.
ამინი თავსაბურავის წესების სავარაუდო დარღვევისთვის დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ოფიცრები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა. თავის მხრივ პოლიცია ამტკიცებს, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება არასათანადო მოპყრობის შესახებ და ის "გულის უეცარი უკმარისობით" გარდაიცვალა.
არეულობის პარალელურად ირანში ინტერნეტი გათიშეს. ხელისუფლება აცხადებს, რომ შეზღუდავს წვდომას ქვეყანაში, მანამ, სანამ სიმშვიდე არ დაისადგურებს.
პარასკევიდან მოყოლებული, დემონსტრაციები გაიმართა ქვეყნის სულ მცირე 40 ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ თეირანში, სადაც მომიტინგეები მოითხოვდნენ ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის შეწყვეტას, ასევე ჰიჯაბის სავალდებულო ტარების გაუქმებას.