რეზონანსი
05.09.2022

არც ერთხელ, არცერთი განცხადება არ დაგვიდასტურებია, შეიძლება 100%-ით მართალიც იყო რომელიმე განცხადება, მაგრამ ჩვენ ვართ მმართველი პარტია და გვაქვს განსხვავებული პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" „ოცნებიდან" წასულ დეპუტატებზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება" საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციის კუთხით პარტიიდან წასულ ოთხეულს თავიდანვე გაემიჯნა და პრემიერის განცხადებაც ამის დადასტურება იყო.

„ეს ოთხი ადამიანი და მათი საზოგადოებრივი მოძრაობა აკეთებდა განცხადებებს და ჩვენ ყოველ ჯერზე ვამბობდით, რომ ჩვენ ვართ მმართველი პარტია და ასეთი ტიპის საჯარო რიტორიკაში ვერ შევალთ, ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით. არც ერთხელ, არცერთი განცხადება არ დაგვიდასტურებია, შეიძლება 100%-ით მართალიც იყო რომელიმე განცხადება, თუნდაც ყველა განცხადება, მაგრამ ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ ჩვენ ვართ მმართველი პარტია და შესაბამისად გვაქვს განსხვავებული პასუხისმგებლობა.

თავიდანვე ჩვენი უთანხმოება რას უკავშირდებოდა?! ჩვენთვის არ იყო მისაღები საჯაროდ ამ პოლემიკაში შესვლა და ჩვენი კოლეგები ამბობდნენ, რომ თუ ხალხამდე არ მიიტანდნენ სიმართლეს, ამ შემთხვევაში შეიძლება არასწორი მიმართულებით წასულიყო პროცესები. ჩვენ ამაზე თავიდანვე ვერ შევთანხმდით და ეს საზოგადოებას ვაცნობეთ, ჩვენ ვთქვით, რომ გვქონდა განსხვავებული ხედვა იმასთან დაკავშირებით თუ რა ფორმით უნდა გაგრძელებულიყო კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ამ კუთხით ჩვენ თავიდანვე გავემიჯნეთ და ეს დღემდე ძალაშია და ამის ხელმეორედ დადასტურება იყო პრემიერის განცხადება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×