რეზონანსი
17.08.2022

გეოპოლიტიკური ვითარების დაძაბვისა და რუსული ენერგოგიგანტის Gazprom-ის მუქარის ფონზე, ევროპის მასშტაბით ბუნებრივი აირის ფასი რეკორდულ ნიშნულს აღწევს.

ამჟამად ევროპული გაზის ბენჩმარკის - Dutch TTF-ის ღირებულება ერთ მეგავატ-საათზე 225 ევროს შეადგენს, რაც 435%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებელთან (€42) შედარებით.

მიმდინარე წელს ბუნებრივი აირის მკვეთრი გაძვირება პირდაპირ კავშირშია რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებასთან და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ გატარებულ ენერგოპოლიტიკასთან. საქმე იმაშია, რომ ევროკავშირის წამყვანი ეკონომიკები ჯერაც მნიშვნელოვნად (40%) არიან დამოკიდებული რუსულ გაზზე, მისი ალტერნატიული წყაროებით ჩანაცვლების პირდაპირი და მარტივი გზები კი პრაქტიკულად არ არსებობს.

უკანასკნელ პერიოდში დაფიქსირებული ფასების ზრდის ტენდენცია კომპანია Gazprom-ის განცხადებას უკავშირდება, რომელიც წლის ბოლომდე ბუნებრივი აირის ფასების დამატებით 60%-ით მომატებას პროგნოზირებს, რაც TTF-ის ღირებულებას 360 ევრომდე გაზრდის.

საგულისხმოა, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობას რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება სურს, თუმცა ამ მიზნის საპასუხოდ Gazprom-ის წარმომადგენლობა იმუქრება, რომ ზამთრის პერიოდში, შესაძლოა, „გაუთვალისწინებელი პრობლემების“ გამო, გაზის მიწოდება შეიზღუდოს, რაც ევროკავშირს მწვავე ენერგოკრიზისის წინაშე დააყენებს.

აღნიშნული სცენარის განვითარების თავიდან არიდებისა და რისკების შემცირების მიზნით, ევროკავშირი ბუნებრივი აირის სტრატეგიულ რეზერვებს აქტიურად ავსებს და ალტერნატიულ მიმწოდებლებსაც ეძებს, თუმცა ექსპერტების შეფასებით, მხოლოდ ეს ღონისძიებები საკმარისი არ იქნება რუსეთისგან მომავალი საფრთხის თავიდან ასარიდებლად.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×